ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
იესოს მკვდრეთით აღდგომა
161 შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2 შვიდეულის პირველ დღეს, დილაადრიანად მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას. 3 ერთმანეთში ამბობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4 გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო. 5 და შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი, და შეშფოთდნენ. 6 მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს. 7 მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვებათ იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.“ 8 გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან აცახცახებული და თავზარდაცემული იყვნენ. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.
იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს
9 შვიდეულის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა. 10 ისიც წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყვნენ ხოლმე — მგლოვიარეთ და მოტირალთ. 11 ხოლო მათ, როცა მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს.
იესო ეცხადება ორ მოწაფეს
12 ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა დაბისკენ მიდიოდნენ. 13 ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს.
მოიარეთ მთელი სოფელი
14 მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმონოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი. 15 უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას. 16 ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. 17 ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, 18 ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.“
იესოს ამაღლება
19 ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ. 20 ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. ამინ.
COMMENTS