Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 3

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
იოანე ნათლისმცემლის ქადაგება

31 ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში, ანას და კაიფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველივე ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.“
   7 მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“ 10 ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? 11 მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“ 12 მივიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღვარო , რა ვქნათ?“ 13 მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“ 14 ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“
   15 როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 16 მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, 17 რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“ 18 კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. 19 ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა, 20 ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.

იესოს ნათლისცემა

21 როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა 22 და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგოც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“

იესოს წარმომავლობა

23 თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა, და როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა, 24 მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა, 25 მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა, 26 მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი, 27 იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა, 28 მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა, 29 იესუსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა, 30 სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, 31 მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა, 32 იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა, 33 ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი, 34 იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა,  ნახორისა, 35 სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა, 36 კენანისა, არფაქშადიას, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37 მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა, 38 ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა.

თავი მეორე                                                                                                                                            თავი მეოთხე

Newer Post
Older Post

COMMENTS