Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 4

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
იესოს გამოცდა

41 იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს.“ მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით.“ და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო. და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს. 10 ვინაიდან დაწერილია, რომ ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან.’ 11 და რომ ‘ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.’“ 12 და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“ 13 და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში.

მსახურების დაწყება გალილეაში

14 დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს. 15 ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ.

იესოს უარყოფა ნაზარეთში

16 და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს თავის ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად. 17 და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: 18 „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, 19 უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად, 20 და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა. ყველას თვალი სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი. 21 და დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.“ 22 და ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: ეს იოსების ძე არ არის?“ 23 უთხრა მათ: „ნამდვილად მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. ყელაფერი, რაც კი კაპერნაუმში მოხდა, როგორც გავიგეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“ 24 უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში. 25 ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშა ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე. 26 და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცის ციდონის ცარფათში. 27 კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმენდილა, გარდა ნემან სირიელისა.“ 28 ეს რომ მოისმინეს სინაგოგაში მყოფთ, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ. 29 წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და ამოიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი. 30 მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.

უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება

31 და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით 32 და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა. 33 სინაგოგაში იყო კაცი, უწმიდური სულით შეპყრობილი, და იყვირა ხმამაღლა: 34  „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღვთის წმიდაო.“ 35 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!“ და დასცა იგი ეშმაკმა მათ შუაში და გამოვიდა მისგან, და არაფერი უვნია მისთვის. 36 ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძნებს და ისინიც გამოდიან?“ 37 და მოეფინა ხმა მის შესახებ იმ მხარის ყოველ ადგილს.

მრავალთა განკურნება

38 ადგა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის. 39 და დაადგა თავზე და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 40 მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა. 41 ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.

საქადაგებლად გასვლა

42 დღე რომ გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წამოსულიყო მათგან. 43 მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი.“ 44 და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.

თავი მესამე                                                                                                                                            თავი მეხუთე

Newer Post
Older Post

COMMENTS