Home1ტიმოთე

1 ტიმოთეს 2

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ
დარიგება ლოცვაზე

21 ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, 2 მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას. ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე, 7 რომლისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში და არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
   8 ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე. ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეამკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგლიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, 10 არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს. 11 დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში სრული მორჩილებით. 12 დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ იყოს მდუმარედ. 13 ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. 14 ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. 15 თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმიდეში კდემამოსილებით.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

COMMENTS