Home2თესალონიკელთა

2 თესალონიკელთა 2

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ
ურჯულოების კაცი

21 აჰა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე. არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას, მას, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, 10 და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. 11 ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე, 12 რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა.

რჩეულნი გამოხსნისათვის

13 ხოლო ჩვენ ყოველ ჟამს უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, რომ ღმერთმა დასაბამიდან ამოგირჩიათ დასახსნელად, სულით განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით, 14 რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად. 15 მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით. 16 ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი, 17 ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.

თავი პირველი                                                                                                                                          თავი მესამე

COMMENTS