ძველი აღთქმა
4 მეფეთა
71 და თქვა ელისემ: „ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ‘ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცებული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.’“ 2 და მიუგო კარისკაცმა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა ღვთისკაცს: „აჰა, სარკმლებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?” და თქვა ღვთისკაცმა: „აჰა, შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.” 3 ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს? 4 თუ ვიტყვით: ‘წავიდეთ ქალაქში’, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით; თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ; თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი, თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.” 5 და ადგნენ დაბინდებისას, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. და მიადგნენ არამელთა ბანაკს და აჰა, კაციშვილი არ იყო იქ. 6 უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისათვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. და უთქვამთ ერთმანეთისთვის: „ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.” 7 და ამდგარან და გაქცეულან დაბინდებისას, მიუტოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად. 8 და მიადგნენ ეს კეთროვნები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. და ჭამეს და სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. და მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ. და იქიდანაც წამოიღეს და დამალეს. 9 და უთხრეს ერთმანეთს: „ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყეების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამოდი, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.” 10 და მივიდნენ და გამოიძახეს კარიბჭის მცველები და უამბეს: „არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა. მხოლოდ ცხენები დაგვხვდა დაბმული, და კარვები ხელუხლებლად.” 11 და დაუძახეს მათ მცველებს და მათაც მიიტანეს, ამბავი მეფის სახლში. 12 და ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მსახურთ: „გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. და ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ. ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრონ და ქალაქში შემოიჭრნენ.” 13 მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: „გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი. აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია. გავგზავნოთ და ვნახოთ.” 14 და გაიყვანეს ორი წყვილი ცხენი ეტლში შებმული. და გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: „წადით და ნახეთ.” 15 და იორდანემდე მიჰყვნენ მათ, და აჰა, მთელი გზა მოფენილია სამოსლითა და ნივთებით, არამელებს რომ დასცვენოდათ ფაციფუცში. და გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს. 16 და გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ. 17 კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე. 18 ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: „ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან.” 19 და მიუგო მაშინ კარისკაცმა და თქვა: „აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?” ღვთისკაცმა კი მიუგო: „შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.” 20 და ასეც აუხდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა.