Homeბიბლიაახალი აღთქმა

რომაელთა 10

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ

101 ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. 2 ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეცნობილად. 3 რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. 4 ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.

საყოველთაო გადარჩენა

5 მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს. ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: „ვინ ავა ზეცაში?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. ანდა: ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა შენს ბაგეში და შენს გულში,“ ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. 10 ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად, 11 რადგან წერილი ამბობს: „არც ერთ მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ 12 ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. 13 რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.    14 მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? 15 და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც სწერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“ 16 მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ 17 ამრიგად, რწმენა – მოსმენისგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან. 18 მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ მსოფლიოს მოედო ხმა, და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები. 19 მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „მე შურს აღვძრავ თქვენში არა-ერით, გაგარისხებთ უგუნური ერით.“ 20 ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“ 21 ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“

 

თავი მეცხრე                                                                                                                                  თავი მეთერთმეტე

COMMENTS