მეორე რჯული 7:7-9
იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
4 მეფეთა 13:22-23
ავიწროებდა ისრაელს ხაზაელი, არამის მეფე, იეჰოახაზის მეფობის განმავლობაში. შეიწყალა ისინი უფალმა და შეიბრალა; მოხედა მათ თავისი აღთქმის გამო, რომელიც აღუთქვა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს და არ ინება მათი განადგურება და თავიდან მოშორება დღემდე.
დაბადება 17:1-8
ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მე ვარ ელ შადაი – ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო. და დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და ფრიად გაგამრავლებ”. დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა ღმერთმა: „აჰა, ჩემი აღთქმა შენთან – მრავალი ერის მამა იქნები! და აღარ გერქმევა სახელად აბრამი – ამაღლებული მამა, არამედ აბრაჰამი – მრავალთა მამა, ვინაიდან მრავალი ერის მამად გაქცევ! დიდად, დიდად გაგამრავლებ, ერებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები. მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანს, სამარადისო სამფლობელოდ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.
მეორე რჯული 8:17-18
რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემი მკლავის ძლიერებამ მომიტანაო ეს ქონება! უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,
ნეემია 1:5-6
ვეუბნებოდი: „გევედრები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიადო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო მათთვის, ვისაც უყვარხარ და იცავს შენს მცნებებს! მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.
ესაია 55:1-3
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ. რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს – რაც არ აძღობს? ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში. მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.
ეზეკიელი 16:1-8
იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიუთითე იერუსალიმს მის სისაძაგლეებზე. უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: წარმოშობა და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი – ამორელია და დედაშენი – ხეთელი. იმ დღეს, შენ რომ დაიბადე, არც ჭიპლარი მოუჭრიათ შენთვის და არც წყლით განბანილხარ გასასუფთავებლად, არც მარილით გახეხილხარ და არც საფენებში შეფუთულხარ. არავის თვალს არ შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად, ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან მოგიძულეს. გვერდზე ჩაგიარე, საკუთარ სისხლში იყავი მოსვრილი. სისხლიანს გითხარი, იცოცხლე-მეთქი! მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე, გაიზარდე და სამკაულივით დამშვენდი, მკერდი დაგემჩნა და თმა გაგეზარდა, თუმცა შიშველ-ტიტველი იყავი. კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
ფსალმუნები 85:15
შენ კი უფალო ღმერთო, შემწყალევ და მადლიანო, რისხვაში ნელი – ხოლო, წყალობასა და ჭეშმარიტებაში უხვი ხარ.
გოდება იერემიასი 3:22
რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა.
იოველი 2:13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.
2 ნეშტთა 30:9
თუ დაუბრუნდებით უფალს შებრალებულნი იქნებიან თქვენი ძმები და შვილები თავის დამატყვევებელთა წინაშე და დაუბრუნდებიან ამ ქვეყანას; ვინაიდან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი და თუ დაუბრუნდებით, სახეს არ მიაბრუნებს თქვენგან”.
ეზრა 8:22
რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: „ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”
ფსალმუნები 102:13
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები.
ოსია 2:19
საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.
იონა 4:1-2
ძლიერ გაღიზიანდა იონა და გამწარდა. შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.
მიქა 7:18-20
ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას. მისცემ იაკობს ჭეშმარიტებას და აბრაჰამს – სიკეთეს, ძველთაგანვე რომ შეჰფიცე ჩვენს მამებს.
ესაია 55:7
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
დანიელი 9:9-10
უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით. ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
ფსალმუნები 29:4-5
უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ მისი წმინდა სახელი.5რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.
ესაია 49:8
ასე ამბობს უფალი: „შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგიფარებ და სახალხო აღთქმად დაგადგენ, რათა აღადგინო ქვეყანა და აოხრებული სამკვიდრებლები დაუბრუნო მემკვიდრეებს;
ნაუმი 1:7
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
3 მეფეთა 3:6
უთხრა სოლომონმა: „სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
ეზრა 7:27-28
კურთხეულია უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც ჩაუდო ეს მეფის გულს, რათა შეიმკოს უფლის სახლი, რომელიც იერუსალიმშია. წყალობა მაპოვნინა მეფის, მისი მრჩევლებისა და მთელი მისი ძლევამოსილი მთავრების წინაშე; მტკიცედ ვიყავი, რადგან უფლის, ჩემი ღვთის ხელი იყო ჩემზე და შევკრიბე ისრაელის მთავარნი, ჩემთან ერთად რომ ამოსულიყვნენ.
ფსალმუნები 6:9
ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.
ესაია 26:10
შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს.
ფსალმუნები 50:1
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
დანიელი 9:17-19
ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო. უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
ოსია 14:2
შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.
აბაკუმი 3:2
უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.
ზაქარია 1:12
შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
მსგავსი თემები:
მადლი მადლი ადამიანურ ურთიერთბებში მადლი და იესო ქრისტე მადლი და სულიწმინდა მადლი და ქრისტიანული ცხოვრება მადლი საკმარისია მადლის აღწერა მადლის წყარო მადლში ზრდა