ძველი აღთქმა
ოსია
21 დაუძახეთ თქვენს ძმებს: „ყამი” (ჩემი ერი) და თქვენს დებს: „რუხამა” (შეწყალებული). 2 „უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან. 3 თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ. 4 არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან. 5 რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: ‘გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელს.’ 6 ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები. 7 გაედევნება თავის სყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის. იტყვის: ‘წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავი.’ 8 მან კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს; რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაყალს ახარჯავდა. 9 ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა. 10 ახლა კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ გამომტაცებს ხელიდან. 11 გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს, ყველა დღესასწაულს; 12 გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ. 13 მას მოვკითხავ ბაყალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა. – თქვა უფალმა. 14 ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო. 15 იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა. 16 იმ დღეს იქნება, – თქვა უფალმა, – რომ დამიძახებ: ჩემო ქმარო! და აღარ დამიძახებ: ჩემო ბაყალო! (ბატონო). 17 მოვაშორებ მის ბაგეებს ბაყალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი სახელებით. 18 დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას, და მშვიდობით დავანებებ მათ. 19 და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით; 20 დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს. 21 იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, – თქვა უფალმა, – გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას; 22 მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს. 23 და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამს (არა ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი, და ის მეტყვის: ჩემი ხარ.’”