HomeUncategorized

მეორე რჯული 7

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

71 როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს თქვენი პირისაგან – ხეთელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს, 2 და ხელში ჩაგაგდებინებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო. 3 და არც დაუმოყვრდე მათ: ასული შენი არ მისცე მის ძეს, და ასული მისი არ მოუყვანო შენს ძეს; 4 რადგან განაშორებენ შენს ძეს ჩემგან, და მსახურებას დაუწყებენ უცხო ღმერთებს, და აღიგზნება რისხვა უფლისა თქვენზე, და ის სწრაფად გაგანადგურებს. 5 არამედ ასე მოექეცით მათ: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და მათი ძეგლები დაამსხვრიეთ, მათი აშერები აკაფეთ, და მათი ქანდაკებანი დაწვით ცეცხლში. 6 რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყოთ მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არსებობენ. 7 თქვენი სიმრავლის გამო კი არ მოგისურვათ უფალმა და გამოგირჩიათ ყველა ხალხიდან, თქვენ ხომ ყველა ხალხზე უმცირესნი ხართ, 8 არამედ, თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან. 9 იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი მტკიცე, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე. 10 და მიუზღავს თავის მოძულეებს მისაგებელს მათ დასაღუპავად. არ დაუგვიანებს ის თავის მოძულეს, პირადად მიუზღავს. 11 დაიცავი მცნებები, წესები და სამართალნი, რომელთაც მე გამცნებ დღეს შესასრულებლად. 12 და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ მას, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს. 13 და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს. 14 კურთხეულ იქნები ყველა ხალხზე მეტად. არ იქნება არც შენში და არც შენს საქონელში უნაყოფო მამრი ან მდედრი. 15 და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს. არ შეგყრის ეგვიპტელთა ყოველ მავნე სატკივარს, რომელიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს. 16 და შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არ დაინდოს შენმა თვალმა ისინი. და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის. 17 თუ გონებაში გაგივლის: ‘ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?’ 18 ნუ შეუშინდები მათ. გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს; 19 ის დიდი განსაცდელნი, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და გაწვდილი მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია. 20 კრაზანებსაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპებიან დარჩენილნი და მიმალულნი შენი პირისაგან. 21 ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შენს შორისაა, ღმერთი დიადი და საშინელი. 22 განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს შენს წინაშე ცოტ-ცოტაობით. ვერ შეძლებ მათ მოსპობას სწრაფად, რომ არ იმრავლოს შენზე ველის ნადირმა. 23 და გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და ააწიოკებს მათ დიდი აწიოკებით, ვიდრე არ განადგურდებიან ისინი. 24 და ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს, და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში. წინ ვერავინ დაგიდგება, ვიდრე არ გაანადგურებ. 25 მათი ღმერთების ქანდაკებანი დაწვით ცეცხლში. ნუ ისურვებ წასაღებად, ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ, თორემ მახეში გაებმები, რადგან ეს სისაძაგლეა უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. 26 და ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენ მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
თავი მეექვსე                                                                                                                                             თავი მერვე

COMMENTS