HomeUncategorized

ეზრა 8

ძველი აღთქმა
ეზრა
81 და აჰა, მათი მამისსახლის თავკაცთა საგვარტომო ნუსხა, რომელნიც წამოვიდნენ ჩემთან ერთად ბაბილონიდან ართახშასთას მეფობაში: 2 ფინხასის ძეთაგან: გერშომი; ითამარის ძეთაგან: დანიელი; დავითის ძეთაგან: ხატუში; 3 შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან: ზაქარია და მასთან მითვლილი ას ორმოცდაათი მამროვანი; 4 ფახათ-მოაბის ძეთაგან: ელიეჰოყენაი, ზერახიას ძე, და მასთან ერთად ორასი მამროვანი; 5 [ზათუს] ძეთაგან: შექანია, იახაზიელის ძე, და მასთან ერთად სამასი მამროვანი; 6 ყადინის ძეთაგან: ყებედი, იონათანის ძე, და მასთან ერთად ორმოცდაათი მამროვანი; 7 ყელამის ძეთაგან: ესაია, ყათალიას ძე, და მასთან ერთად სამოცდაათი მამროვანი; 8 შეფატიას ძეთაგან: ზებადია, მიქაელის ძე, და მასთან ერთად ოთხმოცი მამროვანი; 9 იოაბის ძეთაგან: ყობადია, იეხიელის ძე, და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამროვანი; 10 ბანის ძეთაგან: შელომითი, იოსიფიას ძე, და მასთან ერთად ას სამოცი მამროვანი; 11 ბებაის ძეთაგან: ზაქარია, ბებაის ძე, და მასთან ერთად ოცდარვა მამროვანი; 12 ყაზგადის ძეთაგან: იოხანანი, ჰაკატანის ძე, და მასთან ერთად ას ათი მამროვანი; 13 ადონიკამის ძეთაგან უკანასკნელნი, და აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი და შემაყია, და მათთან ერთად სამოცი მამროვანი; 14 ბიგვაის ძეთაგან: ყუთაი და ზაბუდი, და მათთან ერთად სამოცდაათი მამროვანი. 15 და შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც ერთვის აჰავას, და ვიდექით იქ სამი დღე. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება, მაგრამ მათ შორის ლევიანთაგან იქ ვერ ვპოვე. 16 და დავიბარე ელიეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი – თავკაცები, და იოიარიბი და ელნათანი – სწავლულები. 17 გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის ძმებს, ტაძრის მსახურებს, ქასიფიას ადგილში მყოფთ, რათა მოეყვანათ ჩვენთვის მსახურნი ჩვენი ღმერთის სახლისათვის. 18 რადგან კეთილი ხელი ჩვენი ღმერთისა ჩვენზე იყო, მათ მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძისა, ისრაელის ძისა, სახელად შერებია და მისი ვაჟები და თვრამეტი კაცი; 19 და ხაშაბია, და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ვაჟები – ოცი კაცი. 20 და ტაძრის მსახურთაგან, რომელნიც დავითსა და მთავრებს მიცემული ჰყავდათ ლევიანთა სამსახურებლად – ორას ოცი ტაძრის მსახური; ყველა მათგანი სახელებით იყო ხმობილი. 21 და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე, და გვეკითხა მისგან სწორი გზა ჩვენთვის და ჩვენი წვრილშვილისა და მთელი ჩვენი მონაგარისათვის, 22 რადგან შემრცხვა მეთხოვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები, მტრისაგან გზაზე თავის დასაცავად, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისათვის: ‘ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მიატოვებს მას!’ 23 და ვიმარხულეთ, და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი. 24 და გამოვყავი თორმეტი კაცი მღვდლების უფროსთაგან: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან. 25 და ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო, და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლის შეწირულობა, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და იქ მყოფმა მთელმა ისრაელმა. 26 და მივუწონე მათ ხელში ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი, და ვერცხლის ჭურჭელი ასი ტალანტისა, და ასი ტალანტი ოქრო. 27 და ოცი თასი ათას დრაქმიანი და პრიალა სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი. 28 და ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა; და ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობით შეწირულობაა უფლის, თქვენი მამების ღმერთისადმი. 29 ფრთხილად იყავით და მოუფრთხილდით, ვიდრე მიუწონიდეთ მღვდლების, ლევიანების და ისრაელიანთა ტომის მთავრების უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის სალოცავებში რომ არიან.” 30 და ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი და ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა წაეღოთ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში. 31 და დავიძარით მდინარე აჰავადან იერუსალიმში წასასვლელად პირველი თვის მეთორმეტე დღეს; და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე და გვიხსნიდა ჩვენი მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან. 32 და მივედით იერუსალიმში, და დავყავით იქ სამი დღე. 33 და მეოთხე დღეს ვერცხლი და ოქრო, და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში მიწონილ იქნა მერემოთის, ურია მღვდლის ვაჟის ხელში; და მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინხასის ძე, და მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი იესოს ძე და ნოადია ბინუის ძე, ლევიანები. 34 ყველაფერი დაითვალა და აიწონა; და ჩაიწერა მთელი ეს წონა იმ დროს. 35 ტყვეობიდან მოსულებმა და გადასახლებიდან დაბრუნებულებმა სრულადდასაწველი შესწირეს ისრაელის ღმერთს: თორმეტი მოზვერი მთელი ისრაელისათვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი კრავი, თორმეტი ვაცი ცოდვისათვის, ყოველივე სრულადდასაწველად უფლისათვის. 36 და გადასცეს მეფისნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებელთ; და მათაც ხელი შეუწყვეს ხალხსა და ღვთის სახლს.
თავი მეშვიდე                                                                                                                                        თავი მეცხრე

COMMENTS