ძველი აღთქმა
გოდება იერემიასი
31 მე ვარ კაცი, მისი წყრომის კვერთხისაგან ჭირის მნახველი. 2 მან წამიყვანა და მატარა ბნელში და არა ნათელში. 3 მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ აბრუნებს თავის ხელს ისევ და ისევ მთელ დღეს. 4 დააბერა ჩემი ხორცი და ჩემი კანი, დალეწა ჩემი ძვლები. 5 შემომადგა მე და მომიცვა სიმწარითა და შეჭირვებით. 6 ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარნი. 7 ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე და დაამძიმა ჩემი ბორკილები. 8 კიდევაც რომ ვიკივლო და ვუხმო მშველელს, ჩაახშობს ჩემს ვედრებას. 9 თლილი ქვებით გადაღობა ჩემი გზები, გაამრუდა ჩემი ბილიკები. 10 ჩასაფრებული დათვია ის ჩემთვის, ლომია შეფარებული. 11 გააუკუღმართა ჩემი გზები და დამფლითა მე, დამდო მე ტიალად. 12 მოზიდა თავისი მშვილდი და მე დამაყენა სამიზნედ ისრისა. 13 გაატარა ჩემს თირკმელებში ძენი თავისი კაპარჭისა. 14 სასაცილო გავხდი მთელი ჩემი ხალხისა, მათ საშაიროდ მთელ დღეს, 15 სიმწარით გამაძღო, აბზინდით დამათრო. 16 ხრეშით დამამტვრევინა კბილები, გამახვია ფერფლში. 17 და მშვიდობისგან მიტოვებულ იქნა ჩემი სული, დამავიწყდა კეთილდღეობა. 18 და ვთქვი მე: დაიკარგა ჩემი ძალა და ჩემი იმედი უფლისაგან. 19 გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება და ტანჯვა და სიმწარე. 20 იხსენებს და დამცირებულია ჩემში სული. 21 ამას ვუპასუხებ ჩემს გულს, ამის გამო ვესავ, 22 რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. 23 განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება. 24 ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული, ამის გამო ვესავ მას. 25 კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. 26 სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას. 27 სიკეთე კაცს, რომ ზიდა უღელი თავის სიყმაწვილეში, 28 დაჯდეს მარტოდ და მდუმარედ, რადგან მან დაადო მას იგი. 29 მტვერში დადოს ის თავისი ბაგე – იქნებ არის იმედი. 30 ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით. 31 რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ. 32 რადგან, თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდევაც თავისი დიდი მოწყალებით. 33 რადგან არა თავისი ნებით აყენებს ის ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ, 34 რომ გათელოს თავის ფეხქვეშ ქვეყნის ყველა ტუსაღი, 35 რომ გაამრუდოს კაცის სამართალი უზენაესის წინაშე, 36 რომ გააბათილოს ადამიანი მის საქმეში – არ ხედავს ამას უფალი? 37 ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია? 38 განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე? 39 რას ჩივის ცოცხალი ადამიანი? იჩივლოს კაცმა თავის ცოდვებზე. 40 მოვძებნოთ ჩვენი გზა და გამოვიძიოთ და მოვბრუნდეთ უფლისაკენ. 41 ავწიოთ ჩვენი გულები ხელებით ღმერთისაკენ ზეცაში. 42 ჩვენ შევცოდეთ და ავჯანყდით, შენ არ გვაპატიე. 43 შენ შეიმოსე რისხვით და გვდევნე, გვხოცავდი და არ გვიბრალებდი. 44 შენ შეიმოსე ღრუბლით, რათა არ მოეღწია ჩვენს ლოცვას. 45 ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხებს შორის. 46 დააღო ჩვენზე პირი ყველა ჩვენმა მტერმა. 47 შიში და ორმო გვხვდა წილად, ნგრევა და შემუსვრა. 48 წყლის ნაკადულებად მდის ცრემლები თვალთაგან ჩემი ერის ასულის შემუსვრის გამო. 49 ჩემი თვალი ცრემლსა ღვრის მუდმივად და განუწყვეტლივ, 50 სანამ გადმოხედავს და დაინახავს უფალი ციდან. 51 ჩემ თვალს ტანჯვა მოაქვს ჩემი სულისათვის ჩემი ქალაქის ყველა ასულის გამო. 52 ჩიტივით მომინადირეს მე უმიზეზოდ ჩემმა მტრებმა. 53 ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვებს მესროდნენ მე. 54 წყალმა გადამიარა თავზე, ვთქვი: „დავიღუპე”. 55 შავეთის დილეგიდან ვუხმობდი შენს სახელს, უფალო. 56 ისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ შენს ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ამოსუნთქვას. 57 მომიახლოვდი იმ დღეს, როდესაც მოგიხმე, ამბობდი: „ნუ გეშინია,” 58 შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ იხსენი ჩემი სიცოცხლე. 59 დაინახე, უფალო, ხელმრუდეობა ჩემზე, განსაჯე ჩემი საქმე. 60 დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემზე! 61 ისმინე მათგან ლანძღვა, უფალო, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ. 62 ბაგე ჩემს მომხდურთა და მათი ჩანაფიქრი ჩემს წინააღმდეგაა ყოველ დღე. 63 შეხედე მათ დაჯდომისას და ადგომისას, დამცინიან მე თავიანთ სიმღერებში. 64 მიუზღე მათ მისაგებელი, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით. 65 მიეცი მათ გულის ჯანღი, შენი წყევლა იყოს მათზე. 66 დევნე ისინი რისხვაში და გაანადგურე უფლის ცის ქვეშ.