HomeUncategorized

დანიელი 9

ძველი აღთქმა
დანიელი

91 პირველ წელს, დარიოს ქსერქსეს ძისა, მოდგმით მიდიელისა, რომელიც ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა, – 2 მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდებოდა იერუსალიმის ნანგრევებს. 3 პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ, რათა პასუხი მომეძია ლოცვით და ვედრებებით, მარხვით, ჯვალოთი და ნაცრით. 4 ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: „ჰოი, უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ! 5 ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და წესებს. 6 ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურებს – წინასწარმეტყველებს, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს და ქვეყნის ყველა ხალხს. 7 უფალო, შენა გაქვს სიმართლე, ხოლო ჩვენ – სირცხვილი სახეზე, როგორც ამ დღეს, – იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელს ისრაელს, ახლობლებსა და შორებლებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ სიმუხთლის გამო, რომლითაც შენ გიმუხთლეს. 8 უფალო, სირცხვილი გვაქვს სახეზე ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე. 9 უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის მოწყალება და პატიება, ჩვენ კი ავუჯანყდით მას. 10 ყურს არ ვუგდებდით უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, რათა გვევლო მისი რჯულდებებით, თავისი მსახურების – წინასწარმეტყველების – ხელით რომ დაგვიდო წინ. 11 მთელი ისრაელი გადავიდა შენი რჯულიდან და გადაუხვია, რათა შენი ხმა არ გაეგონა. ამიტომაც გადმოინთხა ჩვენზე ის წყევლა და ფიცი, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს, რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას. 12 შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა ჩვენი და ჩვენი მსაჯულების წინააღმდეგ, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა. მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა. 13 როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევდრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო. 14 უფალმა უდარაჯა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი. რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რაც გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას. 15 ახლა კი, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, როგორიც დღესა გვაქვს, შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ. 16 უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს – იერუსალიმს – შენს წმიდა მთას. რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარეშემოთაგან. 17 ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და უფლის გულისთვის დაანათე შენი სახე შენს გაპარტახებულ საწმიდარს. 18 ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, აახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ეწოდება. რადგან ჩვენი სიმართლის გამო კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების გამო. 19 უფალო, ისმინე! უფალო, გვაპატიე! უფალო ყური მოგვაპყარ და იმოქმედე და ნუ დააყოვნებ, შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო! რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.” 20 ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი და ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის, ისრაელის, ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის, წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე, 21 ჯერ კიდევ ლოცვაში ვლაპარაკობდი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ მყავდა ნანახი წინათ, სწრაფი ფრენით მომიახლოვდა მწუხრის მსხვერპლშეწირვის ჟამს. 22 შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო. 23 შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო, რადგან შენ სასურველი კაცი ხარ. გაიგე ეს სიტყვა და მიხვდი ხილვას. 24 შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა. 25 ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. 26 სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია. 27 იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს. სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე, და წინასწარგანსაზღვრული ეწევა გამტიალებელს.”

თავი მერვე                                                                                                                                              თავი მეათე

COMMENTS