ეზრა 7

მაისი 12, 2015
ძველი აღთქმა
ეზრა
71 და ამ ამბების შემდეგ სპარსეთის მეფის, ართახშასთას მეფობაში ეზრა, ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი, 2 ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, 3 ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა, მერაიოთისა, 4 ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა, 5 ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა,– 6 ეს ეზრა გამოვიდა ბაბილონიდან. და ის იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა ისრაელის ღმერთმა. და მისცა მას მეფემ ყოველივე, რაც ითხოვა, რადგან უფლის, მისი ღმერთის, ხელი იყო მასზე. 7 და ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისმცველთაგან და ტაძრის მსახურთაგან ართახშასთა მეფის მეშვიდე წელს. 8 და მივიდა ის იერუსალიმში მეფის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს. 9 რადგან მან პირველი თვის პირველ დღეს დაიწყო გამოსვლა ბაბილონიდან და მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე. 10 რადგან ეზრამ გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში. 11 და აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას, მღვდელს, მწიგნობარს, განსწავლულს უფლის მცნებების სიტყვებში და მის წესებში ისრაელზე. 12 ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა! და სხვა. 13 განკარგულება გავეცი, რომ თუ ვინმეს ჩემს სამეფოში სურს ისრაელის ერიდან, მათი მღვდლებიდან და ლევიანებიდან იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს. 14 რადგან შენ იგზავნები მეფისაგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა; 15 რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანეც იერუსალიმშია, 16 და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც შენ შეაგროვებ მთელი ბაბილონის მხარეში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა ნებაყოფლობით შემოწირულობასთან ერთად, რაც ნებაყოფლობით შესწირეს თავიანთი ღვთის სახლს იერუსალიმში. 17 ამიტომ დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ცხვრები, კრავები, მათი საძღვნო შესაწირავები და საღვრელები და შესწირე იგი თქვენი ღვთის ტაძრის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში. 18 და როგორც გაგეხარდებათ შენ და შენს მოძმეებს, ისე მოიხმარეთ დანარჩენი ვერცხლი და ოქრო, თქვენი ღმერთის ნებით. 19 და ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღვთის სახლის სამსახურისათვის, უკლებლივ მიიტანე იერუსალიმის ღმერთის წინაშე. 20 და დანარჩენი, რაც საჭიროა შენი ღვთის სახლისათვის, რისი გაცემაც მოგესურვება, გაეცი სამეფო საგანძურიდან. 21 და მე, ახაშვეროშ მეფე, ვიძლევი განკარგულებას მდინარისგაღმის ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც მოგთხოვთ ეზრა მღვდელი, ზეცის ღვთის მწიგნობარი, დაუყოვნებლად შესრულდეს. 22 ვერცხლი ას ტალანტამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე და მარილი უზომოდ. 23 ყოველი, რაც ნაბრძანებია ცათა ღმერთისაგან, აღსრულდეს ზუსტად ცათა ღვთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს. 24 და გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს, ლევიანს, მგალობელს, კარისმცველს, ტაძრის მსახურსა და ამ ღვთის სახლის მსახურს არ უნდა დაეკისროს ხარკი, გადასახადი და ბეგარა. 25 შენ, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მათ მთელი მდინარისგაღმელი ხალხი და ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის კანონები. ხოლო, ვინც არ იცის, ასწავლეთ! 26 და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის კანონს და მეფის კანონს დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განკვეთა, ჯარიმა ან ტუსაღობა. 27 კურთხეული იყოს უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც ეს მეფეს ჩაუდო გულში, რათა შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში. 28 და მან მიბოძა მოწყალება მეფის, მისი მრჩევლების, მეფის მამაცი მთავრების წინაშე; მეც გავმაგრდი, შევკრიბე ისრაელის ძეთა მთავრები, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
თავი მეექვსე                                                                                                                                            თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close