HomeUncategorized

აბაკუმი 3

ძველი აღთქმა
აბაკუმი

31 აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად. 2 უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება. 3 თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. 4 დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. 5 შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი. 6 შედგა და გათელა მიწა, გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი. 7 განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები. 8 ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? 9 შენ გააშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა. 10 დაგინახეს და შედრკნენ მთები. გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები. 11 მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში. შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე. 12 რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს. 13 შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად. ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, საფუძვლიდან ქედამდე გააშიშვლე. 14 თავი გაუპე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, თითქოს ბედშავი იდუმალ ჩაეყლაპოს. 15 შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები. 16 გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად დაესხმიან. 17 თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, 18 მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. 19 უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს. (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).

თავი მეორე                                                                                                                                                      სოფონია

COMMENTS