ძველი აღთქმა
იოველი
21 ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დააყვირეთ ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება – 2 დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ნისლიანი! დილის რიჟრაჟივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში. 3 მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი უდაბნოა, ვერავინ დააღწევს თავს. 4 ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან; 5 ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელნი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული. 6 მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის. 7 ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში. 8 ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკზე მიდის; შუბებზე ეცემიან, მაინც არ იხევენ უკან. 9 ქალაქში ნავარდობენ, გალავანზე დარბიან, სახლებში იჭრებიან, სარკმლებიდან მიძვრებიან ქურდებივით. 10 მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი. 11 უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას? 12 „ახლაც” – ამბობს უფალი: – „მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. 13 გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს”; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. 14 ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისათვის, თქვენი ღვთისათვის. 15 ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა. 16 შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავის პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან! 17 ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: „შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი?” 18 გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს. 19 მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: „აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხი ამით; სასირცხვოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში. 20 ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს – დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი.” 21 ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა. 22 ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. 23 სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის ადრეულ და გვიანა წვიმებს, წინანდებურად. 24 გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით. 25 აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. 26 ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის, სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. 27 მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. 28 ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. 29 ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. 30 გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. 31 მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი. 32 ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.