ლევიანნი 17

By
აპრილი 25, 2015
ძველი აღთქმა
ლევიანნი

171 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: 3 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან დაკლავს ხბოს, ან კრავს, ან თხას ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკის გარეთ, 4 და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს უფლისათვის შესაწირავად უფლის სავანის წინ, მაშინ სისხლისღვრად შეერაცხოს ეს იმ ადამიანს: სისხლი დაღვარა მან. და მოისპობა ის ადამიანი თავისი ხალხის გარემოდან, 5 რათა მიიტანონ ისრაელის ძეთ თავიანთი შესაწირავნი, რომელთაც ისინი კლავენ, და მიართვან ისინი უფალს საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს, და დაკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. 6 და მოაპკურებს მღვდელი სისხლს -უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის, 7 რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.’ 8 „და მათ უთხარი: ‘თუ ვინმე ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, აღავლენს სრულადდასაწველს ან მსხვერპლს, 9 და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მაშინ მოისპობა ის კაცი თავისი ხალხიდან. 10 „‘და თუ ვინმემ ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, ჭამოს რაიმე სისხლი, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც ჭამს სისხლს, და მოვსპობ მას თავისი ხალხის გარემოდან. 11 რადგან ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმედს. 12 ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენთაგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს. და ასევე ხიზანიც, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, არ უნდა ჭამდეს სისხლს.” 13 „‘და თუ ვინმემ ისრაელის ძეთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, მოინადიროს ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, უნდა დასთხიოს სისხლი და დაფაროს იგი მტვრით. 14 რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: „არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა.” 15 „‘და ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორსა და ნამხეცავს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება. 16 და თუ არ გაირეცხავს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ ატარებს თავის ცოდვას.’”

თავი მეთექვსმეტე                                                                                                                           თავი მეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close