HomeUncategorized

ლევიანნი 2

ძველი აღთქმა
ლევიანნი

21 „‘და თუ ვინმე პურეულ მსხვერპლს შესწირავს ძღვნად უფალს, მისი მსხვერპლი წმიდა პურის ფქვილისა იყოს, და დაასხას მასზე ზეთი და დადოს მასზე გუნდრუკი. 2 და მიუტანოს იგი აარონის ძეთ – მღვდლებს, და აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა ფქვილისგან ზეთითურთ მთელი მისი გუნდრუკით, და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი სამსხვერპლოზე საცეცხლოდ, კეთილსურნელებად უფლისათვის. 3 ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი ძეებისათვის იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. 4 „‘და თუ შესწირავ შესაწირავად პურეულის ძღვენს თონეში გამოცხობილთაგან, იყოს წმიდა პურის ფქვილისაგან უფუარი პურები, ზეთში შერეულნი, და უფუარი ფუნთუშები ზეთწაცხებულნი. 5 და თუ შესაწირავი შენი პურეული ძღვენი ტაფაზეა გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი უნდა იყოს ზეთში შერეული, უფუარი იყოს. 6 დაანაწილე იგი ლუკმა-ლუკმად და დაასხი მასზე ზეთი: ეს ძღვენია პურეულისა. 7 და თუ შენი შესაწირავი პურეულის ძღვენია, ქვაბში გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი ზეთით უნდა გაკეთდეს. 8 და მიიტანე შენი ძღვენი, რომელიც გაკეთდება ამათგან, უფლისათვის და მიეცი იგი მღვდელს, და იგი მიიტანს მას სამსხვერპლოსთან. 9 და აიღებს მღვდელი ნაწილს ძღვენისაგან მის მოსაგონარს და დააკმევს სამსხვერპლოზე: ეს საცეცხლო შესაწირავია, კეთილსურნელებაა უფლისათვის. 10 ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და და მისი შვილებისა იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან. 11 „‘და არც ერთი ძღვენი პურეულისა, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა აკმიოთ უფლის საცეცხლო შესაწირავზე. 12 პირველნაყოფთა შესაწირავად შესწირეთ ისინი უფალს, და სამსხვერპლოზე არ ავიდეს საამურ კეთილსურნელებად. 13 და ყოველი მსხვერპლი შენი ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლები შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად შესწირე მარილი. 14 „‘და თუ შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა ძღვენი. 15 და დაასხი მასზე ზეთი, და დაადე მასზე გუნდრუკი; იგი ძღვენია პურეულისა. 16 და დააკმევს მღვდელი მის მოსაგონარს ღერღილისგან და მისი ზეთისაგან მთელი მისი გუნდრუკით საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის.

თავი პირველი                                                                                                                                            თავი მესამე

COMMENTS