HomeUncategorized

ლევიანნი 10

ძველი აღთქმა
ლევიანნი

101 აიღეს აარონის ძეთ, ნადაბმა და აბიჰუმ, თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს მათში ცეცხლი, და დაადეს მასზე საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რომელიც არ უბრძანებია უფალს მათთვის. 2 და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა ისინი, და დაიხოცნენ უფლის წინაშე. 3 და უთხრა მოსემ აარონს: „ეს თქვა უფალმა: ‘ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ხალხის წინაშე განვდიდდები.’” და დადუმდა აარონი. 4 და მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის ძეთ, და უთხრა მათ:„მიდით, გამოიტანეთ თქვენი ძმები წმიდადან ბანაკის გარეთ.” 5 და მივიდნენ და გამოიტანეს ისინი მათი კვართებიანად ბანაკის გარეთ, როგორც თქვა მოსემ. 6 და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის ძეთ: „თავებს ნუ გაიშიშვლებთ და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს იგი მთელ თემზე. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელს სახლს შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც დაწვა უფალმა. 7 საკრებულო კარვის შესასვლელიდან არ გამოხვიდეთ, რომ არ დაიხოცოთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთია თქვენზე.” და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ. 8 და უთხრა უფალმა აარონს: 9 „ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი შენთან ერთად საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში, 10 რათა განასხვაოთ წმიდა და საერო, უწმიდური და სუფთა. 11 და ასწავლოთ ისრაელის ძეთ, ყოველი წესი, რომელიც უთხრა მათ უფალმა მოსეს ხელით.” 12 და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ იგი უფუარად სამსხვერპლოსთან, რადგან წმიდათა წმიდაა ის. 13 და ჭამეთ ის წმინდა ადგილზე, რადგან შენი წილი და შენს ძეთა წილია ეს უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან, რადგან ასე მებრძანა მე. 14 და მკერდი შესარხეველი, და ბეჭი აღსამართავი ჭამეთ სუფთა ადგილზე შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა შენთან ერთად. რადგან შენს წილად და შენი შვილების წილადაა მოცემული ეს ისრაელის ძეთა სამშვიდობო მსხვერპლთაგან. 15 აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი ქონის საცეცხლო მსხვერპლებითურთ მიიტანონ შერხევის შესასრულებლად უფლის წინაშე. და იყოს შენთვის და შენს ძეთათვის შენთან საუკუნო წესად, როგორც ბრძანა უფალმა.” 16 და ცოდვის ვაცს ეძებდა მოსე, მაგრამ იგი დამწვარი იყო. და განრისხდა იგი ელეაზარსა და ითამარზე, აარონის დარჩენილ ძეებზე: 17 „რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან წმიდათა წმიდაა იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარხოცოს თემის ცოდვები, მის განსაწმედად უფლის წინაშე. 18 აჰა, მისი სისხლი არ იქნა შეტანილი წმიდაში. თქვენ უნდა გეჭამათ ის წმიდაში, როგორც მებრძანა მე.” 19 და უთხრა აარონმა მოსეს: „აჰა, დღეს შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე, და ეს შემემთხვა მე. თუ შევჭამ მე ცოდვის მსხვერპლს დღეს, განა იქნება ეს სათნო უფლის თვალში?” 20 და მოისმინა მოსემ და მოიწონა.

თავი მეცხრე                                                                                                                                      თავი მეთერთმეტე

COMMENTS