ლევიანნი 7

By
აპრილი 21, 2015
ძველი აღთქმა
ლევიანნი

71 „‘და ესაა რჯული დანაშაულისა: წმიდათა წმიდაა იგი. 2 იმ ადგილზე, სადაც დაწვავენ სრულადდასაწველს, დაიკლას დანაშაულის მსხვერპლიც, და მისი სისხლი მოეპკუროს სამსხვერპლოს ირგვლივ. 3 და მთელი მისი ქონი შესწიროს: დუმა და ქო-ნი, რომელიც ფარავს შიგნეულს, 4 და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელითურთ მოჰკვეთოს იგი. 5 და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. იგი დანაშაულის მსხვერპლია. 6 ყოველი მამროვანი მღვდელთაგან ჭამდეს მას. წმიდა ადგილზე იჭამოს. წმიდათა წმიდაა ის. 7 „‘როგორც ცოდვის მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი რჯული აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით განწმენდს. 8 და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის. 9 და ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც გამომცხვარია თონეში, და ყველაფერი, რაც დამზადებულია ქოთანში ან ტაფაზე, მღვდელს, რომელიც სწირავს, მას ეკუთვნის. 10 და ყოველი ძღვენი პურეულისა, ზეთში არეული და მშრალი, ეკუთვნის აარონის ყველა ძეს, როგორც ერთს, ასევე მეორესაც. 11 „‘და ესაა რჯული სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს: 12 „‘თუ ვინმე სამადლობელოს სწირავს მას, სამადლობელოს შეწირვისას შესწიროს უფუარი პურები, ზეთში შეზელილი, და უფუარი ნამცხვრები ცხებულნი ზეთში, და წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები, ზეთში მოზელილი. 13 გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად. 14 და შესწიროს მისგან თითო-თითოდ ყოველი მსხვერპლისგან აღსამართავის შესაწირავი უფალს. ეს ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს. 15 და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა იჭამოს მისი შეწირვის დღეს. არ დარჩეს არაფერი მისგან დილამდე. 16 „‘და თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს იჭამოს ის, ხოლო მეორე დღეს მისი ნარჩენიც შეიძლება იჭამოს. 17 დარჩენილი მსხვერპლის ხორცი მესამე დღეს ცეცხლში დაიწვას. 18 და თუ მესამე დღეს შეიჭმება ხორცი სამშვიდობო მსხვერპლისა, ის არ იქნება კეთილსასურველი, მის შემწირველს არ ჩაეთვლება იგი. საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს მისგან, ცოდვას დაიდებს. 19 „‘და ხორცი, რომელიც შეეხება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს წმიდა ხორცი. 20 ხოლო ვინც წაბილწულია და ჭამს უფლის სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოისპობა იგი თავისი ხალხიდან. 21 და ვინც შეეხება ყოველ უწმიდურს, ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან ყოველ უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის სამშვიდობო მსხვერპლის ხორციდან, მოისპობა იგი თავისი ხალხიდან.’” 22 და უთხრა უფალმა მოსეს: 23 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა არ ჭამოთ. 24 ქონი ლეშისა და ქონი ნამხეცავისა გამოყენებულ იქნას ყოველ საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი. 25 რადგან ყოველი მჭამელი ქონისა პირუტყვისაგან, რომელიც შეიწირება საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, მოისპობა თავის ხალხიდან. 26 და არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომში: არც ფრინველთა და არც პირუტყვთა. 27 ყველა, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოისპობა თავის ხალხიდან.’” 28 და უთხრა უფალმა მოსეს: 29 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფლისადმი შემწირველმა თავისი სამშვიდობო მსხვერპლისა, უნდა მიართვას თავისი შესაწირავი უფალს თავისი სამშვიდობო მსხვერპლიდან. 30 თავისი ხელით მიართვას საცეცხლო შესაწირავი უფალს: ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა შერხევით შეარხიოს მკერდი უფლის წინაშე. 31 და დააკმევს მღვდელი ქონს სამსხვერპლოზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის. 32 მარჯვენა კანჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი შესაწირავი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან. 33 ვინც აარონის ძეთაგან შესწირავს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლსა და ქონს, მისი ულუფა იქნება მარჯვენა კანჭი. 34 რადგან მკერდი შერხევისა და კანჭი შესაწირავისა ავიღე მე ისრაელის ძეთაგან მათ სამშვიდობო მსხვერპლთაგან, და მივეცი ისინი აარონ მღვდელს და მის ძეთ, საუკუნო წესად ისრაელის ძეთათვის.’” 35 ესაა ნაწილი აარონისა და ნაწილი მის ძეთა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან იმ დღიდან, როდესაც მიუყვანა ისინი უფალს მღვდლობისათვის. 36 რომელიც ბრძანა უფალმა, რომ მიეცათ მათთვის მათი ცხების დღეს ისრაელის ძეთაგან. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისათვის. 37 ესაა რჯული სრულადდასაწველისა, პურეულის მსხვერპლისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა, 38 რომელიც უბრძანა უფალმა მოსეს სინაის მთაზე იმ დღეს, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის სინაის უდაბნოში.

თავი მეექვსე                                                                                                                                                  თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close