HomeUncategorized

ლევიანნი 13

ძველი აღთქმა
ლევიანნი 

131 და უთხრა უფალმა მოსესა და აარონს: 2 „თუ ადამიანს, გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან – მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან – მღვდელთან. 3 და შეხედავს მღვდელი სხეულის კანის წყლულს და, თუ თმა წყლულზე გათეთრებულია და პირი წყლულისა უფრო ღრმაა სხეულის კანზე, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. და დაინახავს მას მღვდელი და უწმიდურად შერაცხავს. 4 და თუ თეთრი ლაქაა მისი სხეულის კანზე და მისი პირი არააა უფრო ღრმა სხეულის კანზე და მასზე თმა არაა გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით. 5 და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული დარჩა ხილულად, მაგრამ არ გავრცელდა წყლული ტანზე, მაშინ განამარტოოს იგი შვიდი დღით მეორედ. 6 და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ის. და გაირეცხოს მან თავისი სამოსელი და სუფთა იქნება. 7 და თუ სირსველი ძალიან გავრცელდა კანზე მღვდლისგან მისი დათვალიერებისა და მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს. 8 და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ შერაცხავს მას მღვდელი უწმიდურად. კეთრია ის. 9 „თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი მიყვანილ უნდა იქნას მღვდელთან. 10 და ნახავს მღვდელი და, თუ სიმსივნე თეთრია კანზე და გათეთრებულია თმა და ცოცხალი ხორცის ხორცმეტობაა სიმსივნეზე, 11 მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად შერაცხავს. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია. 12 და თუ კანის დაავადება გამოფურჩქნულია კანზე და ფარავს ეს დაავადება მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდელს, 13 და დაინახავს მღვდელი, რომ დაფარა დაავადებამ მთელი მისი სხეული, მაშინ მიიჩნიოს მან ავადმყოფი დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა, სუფთაა იგი. 14 როცა გამოჩნდება მასში ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია. 15 როცა დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, მიიჩნევს მას უწმიდურად. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, კეთრია იგი. 16 თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან, 17 და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს. სუფთაა იგი. 18 „და თუ ვინმეს კანზე ექნება ჩირქოვანი მუწუკი და განიკურნება, 19 და ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე გაჩნდება თეთრი სიმსივნე ან თეთრწითელი ლაქა, გამოცხადდეს მღვდელთან. 20 შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ იმის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებული, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა. 21 და თუ დაინახავს მღვდელი, რომ არაა მასზედ თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ნაკლებ შესამჩნევია, მაშინ განამარტოვებს მას მღვდელი შვიდი დღით. 22 და თუ იგი მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს. წყლულია ის. 23 და თუ ეს ლაქა თავის ადგილზე რჩება, არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. 24 „თუ ვინმეს სხეულის კანზე აქვს სიდამწვრე და შეხორცებულ სიდამწვრეზე აღმოჩნდება თეთრწითელი ან თეთრი ლაქა, 25 და დაინახაავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია. 26 და თუ მღვდელი დაინახავს, რომ არაა ლაქაზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ძლივს შეიმჩნევა, მღვდელი მას განამარტოვებს შვიდი დღით. 27 და შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ ეს მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მიიჩნევს მას მღვდელი უწმიდურად: კეთროვანი წყლულია ის. 28 და თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა. 29 „მამაკაცს ან დედაკაცს რომ ჰქონდეს წყლული თავზე ან წვერზე, 30 წყლულს ნახავს მღვდელი და, თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია. 31 და თუ მღვდელი ნახავს ქეცის წყლულს, რომ მისი პირი არ არის ჩაღრმავებული კანში და შავი თმა არ არის მასზე, მღვდელმა განამარტოვოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით. 32 და ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს, რომ ქეცი არ გავრცელებულა და არაა მასზე მოყვითალო თმა და პირი ქეცისა კანში არაა ჩაღრმავებული, 33 გაიპარსოს. მაგრამ ქეცით დაავადებული ადგილი არ გაიპარსოს და მღვდელი განამარტოვებს ქეცით დაავადებულს შვიდი დღით მეორედ. 34 და ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და, თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს და მან გარეცხოს თავისი სამოსელი და სუფთა იქნება. 35 და თუ მეტად გავრცელდა ქეცი კანზე მისი გასუფთავების შემდეგ 36 და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი მის კანზე, ნუ დაუწყებს ძებნას მოყვითალო თმას, უწმიდურია იგი. 37 და თუ ქეცი დარჩა ხილულად და მასზე აღმოცენდა შავი თმა, ქეცი განკურნებულია. სუფთაა იგი და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. 38 „თუ მამაკაცს ან დედაკაცს აღმოაჩნდება სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები, 39 და დაინახავს მღვდელი მათი სხეულის კანზე თეთრ ფერმკრთალ ლაქებს, ეს არის ღია ფერის ქეცი, რომელიც აყვავდა კანზე. სუფთაა იგი. 40 „და თუ ვინმეს თავზე გასცვივდა, ეს სიმელოტეა. სუფთაა იგი. 41 და თუ თავის წინა ნაწილიდან მოხდა თმის გაცვენა მაშინ მელოტია იგი, სუფთაა იგი; 42 და თუ სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე იქნება თეთრწითელი წყლული, მაშინ ეს კეთრია, აყვავებულია მის სიმელოტეზე, ან მის თმაგაცვენილობაზე. 43 და შეხედავს მას მღვდელი, და აჰა, თეთრწითელი წყლულის სიმსივნე მის სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე ისეთივეა შესახედაობით, როგორც კეთრი სხეულის კანზე. 44 მაშინ ის კეთროვანი კაცია, უწმიდურია იგი. მღვდელმა უწმიდურად უნდა მიიჩნიოს. მას თავზე წყლული აქვს. 45 „რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსელი უნდა დაიხეს, თავი უნდა გაშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: „უწმიდური! უწმიდური!” 46 მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს მას, იგი უწმიდურია. უწმიდურია ის, განცალკევებით იცხოვროს მან თავის სადგომის ბანაკის გარეთ. 47 „და თუ სამოსელზე იქნება კეთროვანი წყლული, მატყლის სამოსელზე ან სელის სამოსელზე, 48 ან ქსელზე, ან სელისა, ანდა მატყლის მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, 49 და თუ წყლული იქნება მომწვანო ან მოწითალო სამოსელზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა ეჩვენოს მღვდელს. 50 და ნახავს იგი წყლულს და განამარტოვებს კეთროვანს შვიდი დღით. 51 და ნახავს იგი წყლულს მეშვიდე დღეს. თუ გავრცელებულია წყლული სამოსელზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი. 52 და მან დაწვას სამოსელი ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას. 53 „თუ მღვდელი დაინახავს, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, 54 მაშინ მღვდელი უბრძანებს და გამორეცხავენ იმას, რაზეც წყლულია, და განამარტოვებს მას შვიდი დღით მეორედ. 55 და ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე, თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ეს ამოჭმულია წაღმა ან უკუღმა პირზე. 56 და თუ მღვდელი დაინახავს, რომ წყლული ნაკლებ შესამჩნევია მისი გამორეცხვის შემდეგ, ამოგლიჯოს იგი სამოსლიდან, ან კანიდან, ან ქსელიდან, ან მისაქსელიდან. 57 და თუ იგი კვლავ გამოჩნდება სამოსელზე, ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, იგი აყვავებულია. ცეცხლში დაიწვას იგი, რაზეც წყლულია. 58 სამოსელს ან ქსელს, ან მისაქსელს, ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გადაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება.” 59 ეს არის რჯული კეთროვანი წყლულისა, მატყლის ან სელის, ან ქსელის, ან მისაქსელის სამოსლისა, ან ტყავის საგნისა მისი სუფთად ან უწმიდურად მიჩნევისათვის.

თავი მეთორმეტე                                                                                                                             თავი მეთოთხმეტე

COMMENTS