ლევიანნი
141 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „ეს იქნება რჯული კეთროვანისა: მისი გასუფთავდების დღეს მიყვანილ იქნეს იგი მღვდელთან. 3 და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ და, თუ დაინახავს იგი, რომ კეთროვანი განიკურნა კეთრისაგან, 4 მაშინ უბრძანებს მღვდელი: აყვანილ იქნეს გასასუფთავებელისთვის ორი ცოცხალი ფრინველი, წმიდა, და კედრის ხე, და ძოწეულის ფერის ძაფი და უსუპი. 5 და უბრძანებს ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში გამდინარ წყალზე. 6 ცოცხალ ფრინველს იგი აიყვანს კედრის ხითა და ძოწეულის ფერის ძაფითურთ, და უსუპით, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში, რომელიც დაკლულია გამდინარ წყალზე. 7 და მოასხურებს კეთრისაგან განწმედილს შვიდჯერ და მიიჩნევს მას სუფთად, და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ველზე. 8 „განსაწმიდავებელმა გაირეცხოს სამოსელი და გაიკრიჭოს მთელი თმა და განიბანოს წყლით, და გახდება სუფთა. და შემდეგ მივიდეს ბანაკში და დაყოს კარვის გარეთ შვიდი დღე. 9 და მეშვიდე დღეს გაიპარსოს მთელი თმა, თავი და წვერი, და თვალთა წარბები, და მთელი თმა გაიპარსოს, და გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს სხეული წყლით, და გახდება სუფთა. 10 „და მერვე დღეს აიყვანოს ორი უმანკო კრავი და ერთი დედალი ცხვარი, წელგამოვლილი, უმანკო, და ეფის სამი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან პურეულ ძღვნად, ზეთში შერეული, და ერთი საწყაული ზეთისა. 11 და განმასუფთავებელი მღვდელი დააყენებს გასასუფთავებელ კაცს და მათ უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. 12 „და აიღებს მღვდელი ერთ კრავს და შესწირავს მას დანაშაულის შესაწირავად, და შეარხევს მათ უფლის წინაშე. 13 და დაკლავს კრავს იმ ადგილზე, სადაც კლავენ ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს, წმიდა ადგილზე. რადგან მსგავსად ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის ეს მსხვერპლი ეკუთვნის მღვდელს. წმიდათა წმიდაა ის. 14 და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლიდან და დაადებს მას მღვდელი გასასუფთავებლის მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერა თითზე. 15 და აიღებს მღვდელი ზეთის საწყაულიდან და დაისხამს თავის მარცხენა ხელისგულზე, 16 და ამოავლებს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, და მოასხურებს ზეთით თავისი თითით შვიდჯერ უფლის წინაშე. 17 დანარჩენი ზეთიდან, რომელიც მის ხელისგულზეა, დაადებს გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერა თითზე, დანაშაულის მსხვერპლის სისხლზე. 18 ხოლო ნარჩენი ზეთისა, რომელიც მღვდლის ხელისგულზეა, დაადოს მან გასასუფთავებელს თავზე და შეუნდობს მას უფლის წინაშე. 19 „და შესწირავს მღვდელი ცოდვის მსხვერპლს და შეუნდობს გასასუფთავებელს მის უწმიდურებას. და მერე დაკლას სრულადდასაწველი. 20 და აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველს და პურეულ ძღვენს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი. 21 „თუ ღარიბია იგი და ხელი არ მიუწვდება, მაშინ აიყვანოს ერთი კრავი დანაშაულის მსხვერპლად, შესარხევად თავისი შენდობისათვის. და ეფის მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილისა, ზეთში აზელილი, პურეულ ძღვნად, და საწყაული ზეთისა, 22 და ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა, რაზეც მიუწვდება ხელი, და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად. 23 „და მიიტანოს ისინი თავისი გასუფთავების მერვე დღეს მღვდელთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, უფლის წინაშე. 24 და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის კრავს და ზეთის საწყაულს, და შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე. 25 და დაკლავს კრავს დანაშაულის მსხვერპლად, და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლს, და დაადებს გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, და მისი მარჯვენა ხელის ცერზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერზე. 26 და დაისხამს მღვდელი თავის მარცხენა ხელისგულზე. 27 და მოასხურებს მღვდელი თავის მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე. 28 და დაადებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მისი მარჯვენა ხელის ცერზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერზე, იმ ადგილზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლია. 29 ნარჩენ ზეთს, რომელიც მღვდლის ხელისგულზეა, იგი დაადებს გასასუფთავებელს თავზე, მისი შენდობისათვის უფლის წინაშე. 30 და შესწირავს გვრიტთაგან ერთს ან მტრედის მართვეთაგან, იმათთაგან, რაზეც მიუწვდება ხელი, 31 რაზეც მიუწვდება ხელი – ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად პურეულ ძღვენთან ერთად; და შეუნდობს მღვდელი გასასუფთავებელს უფლის წინაშე.” 32 ესაა რჯული იმისა, ვისაც კეთროვანი წყლული აქვს და ვისაც ხელი არ მიუწვდება თავის გასუფთავებისას.” 33 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 34 „რაჟამს შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენს სამფლობელოდ, და მე მოვგვრი კეთროვან წყლულს თქვენი სამფლობელო ქვეყნის სახლს, 35 წავიდეს ის, ვისიცაა სახლი, და განუცხადოს მღვდელს: ‘თითქოს წყლული მეჩვენა სახლში.’ 36 და უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, ვიდრე მივა იგი წყლულის სახილველად, რათა არ გაუწმიდურდეს ყოველივე, რაც სახლშია. და მერე მივა ის სახლის სახილველად. 37 და იხილავს წყლულს, და ნახავს, რომ წყლული სახლის კედლებზეა, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად. და მათი სახე ჩაღრმავებულია კედლებში, 38 გავა მღვდელი სახლიდან სახლის შესასვლელისკენ და ჩაკეტავს სახლს შვიდი დღით. 39 მეშვიდე დღეს კვლავ მივა და, თუ დაინახავს, რომ წყლული გავრცელდა სახლის კედლებზე, 40 უბრძანებს იგი და ამოტეხენ ქვებს, რომლებზეც წყლულია, და გადაყრიან მათ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. 41 და სახლს გადაფხეკენ შიგნიდან ირგვლივ, და გადააპნევენ მტვერს, რომელიც მოფხიკეს, ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. 42 და აიღებენ სხვა ქვებს და ჩადგამენ იმ ქვათა ადგილზე და აიღებენ სხვა გასალესს, და გალესენ სახლს. 43 „თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოტეხეს ის ქვები, გადაფხიკეს სახლი და გალესეს, 44 და მივა მღვდელი და დაინახავს, რომ წყლული გავრცელდა სახლზე, მაშინ კეთრი გესლოვანია სახლში, უწმიდურია იგი. 45 დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, მისი ხეები, და მთელი ბათქაში სახლისა გაიტანონ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. 46 „და შემსვლელი იმ სახლში იმ დღეებში, რა დროითაც ჩაჰკეტეს იგი, უწმიდურია საღამომდე. 47 მწოლიარემ იმ სახლში, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი. და მჭამელმა იმ სახლში, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი. 48 „და თუ მოვა მღვდელი და დაინახავს, რომ წყლული სახლზე არ გავრცელდა სახლის გალესვის შემდეგ, მღვდელი მიიჩნევს სახლს სუფთად, რადგან წყლული განიკურნა. 49 და აიღებს იგი სახლის გასასუფთავებლად ორ ფრინველს და კედრის ხეს, და ძოწეულის ფერის ძაფს, და უსუპს. 50 და დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელზე, გამდინარე წყალზე. 51 და აიღებს კედრის ხესა და უსუპს, და ძოწეული ფერის ძაფს, და ცოცხალ ფრინველს, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში და გამდინარე წყალში, და მოასხურებს სახლს შვიდგზის. 52 და გაასუფთავებს სახლს ფრინველის სისხლით და გამდინარე წყლით, და ცოცხალი ფრინველით, და კედრის ხით, და უსუპით და ძოწეულის ფერის ძაფით. 53 და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ ველზე, და შეუნდობს სახლს, და გასუფთავდება იგი.” 54 ეს არის რჯული კეთრისა და ქეცისა და ყოველი წყლულისა. 55 და სამოსლისა და სახლის კეთრისა. 56 სიმსივნისა, ქეცისა და ლაქისა. 57 რათა მიეთითოს, როდის არის უწმიდურება და როდის სისუფთავე. ესაა კეთრის რჯული.
COMMENTS