HomeUncategorized

ლევიანნი 3

ძველი აღთქმა
ლევიანნი

31 „‘და თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი მსხვერპლი, თუ იგი სწირავს მსხვილფეხას, მამალს ან დედალს, უმანკო შესწიროს იგი უფლის წინაშე. 2 და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე, და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. 3 და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლისაგან საცეცხლო შესაწირავად უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და ყოველი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. 4 და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა და აპკზეა, რაც ღვიძლზეა, თირკმელებთან ერთად განაშოროს იგი. 5 აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. 6 „‘და თუ წვრილფეხისგანაა მისი მსხვერპლი სამშვიდობო შესაწირავად უფლისათვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს. 7 და თუ ცხვარს სწირავს ის თავის შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე. 8 და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და აარონის ძეთ მოაპკურონ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. 9 და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლიდან საცეცხლო შესაწირავად უფლისთვის მისი ქონი, მთელი დუმა კუდუსუნითურთ მოჰკვეთონ, და ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, 10 და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა და ღვიძლის აპკზეა, თირკმელებითურთ მოჰკვეთოს იგი. 11 და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო პური, შესაწირავი უფლისათვის. 12 „‘და თუ თხაა მისი შესაწირავი, შესწიროს იგი უფლის წინაშე; 13 და დაადოს თავისი ხელი მას თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. 14 და შესწიროს მისგან თავისი შესაწირავი საცეცხლოდ უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. 15 და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი, რომელიც ღვიძლზეა; თირკმელებიანად მოჰკვეთონ იგი. 16 და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის საცეცხლო პური, კეთილსურნელება, მთელი ქონი უფლისაა. 17 „‘ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში: არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არ ჭამოთ.’”

თავი მეორე                                                                                                                                                 თავი მეოთხე

COMMENTS