HomeUncategorized

ლევიანნი 15

ძველი აღთქმა
ლევიანნი

151 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 2 „ელაპარაკეთ ისრაელის ძეთ და უთხარით მათ: ‘თუ ვინმეს ექნება გამონადენი თავისი სხეულიდან, მისი გამონადენის გამო იგი უწმიდურია. 3 ეს არის კანონი მის უწმიდურებაზე მისი გამონადენის გამო: როდესაც ჟონავს მისი სხეულიდან მისი გამონადენი და როდესაც ჩერდება მის სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა. 4 „‘ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია, და რომელზეც დაჯდება უწმიდურია. 5 და ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 6 და ვინც დაჯდება რამეზე, რაზეც იჯდა ლორწომდინარი, მან უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 7 „‘ლორწომდინარის სხეულის შემხებმა უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 8 „‘და თუ მიაფურთხებს ლორწომდინარი სუფთა ვისმე, გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 9 „‘და ყოველი დასაჯდომი, რომლითაც მგზავრობდა ლორწომდინარი, უწმიდურია. 10 და ყოველი შემხები რაიმესი, რაც იყო მის ქვეშ, უწმიდური იქნება საღამომდე. 11 „‘და ყოველს, რომელსაც შეეხება ლორწომდინარი, და არ დაუბანია თავისი ხელი წყლით, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 12 „‘და თიხის ჭურჭელი, რომელსაც შეეხება ლორწომდინარი, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველი ხის ჭურჭელი გამოვლებული უნდა იქნეს წყლით. 13 „‘და როდესაც ლორწომდინარი გასუფთავდება თავისი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე თავისი განწმედიდან და გაირეცხოს თავისი სამოსი, და დაიბანოს თავისი სხეული გამდინარე წყალში და სუფთა იქნება. 14 და მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა, და მივიდეს უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მისცეს ისინი მღვდელს. 15 და შესწიროს მათგან მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად, და შეუნდოს მას უფლის წინაშე მისი გამონადენისათვის. 16 „‘და მამაკაცს, რომელსაც შეემთხვევა თესლდენა, დაიბანოს წყლით მთელი თავისი სხეული, და იქნება უწმიდური საღამომდე. 17 და ყოველი სამოსელი და ყოველი კანი, რომელზეც ექნება თესლდენა, გარეცხილ უნდა იქნას წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 18 და როდესაც ქალთან დაწვება მამაკაცი და ხდება თესლდენა, ორივემ დაიბანონ წყლით, და უწმიდურები იქნებიან საღამომდე. 19 „‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა, რომელიც მოედინება მისი სხეულიდან, შვიდი დღე იქნება იგი თავის წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე. 20 „‘და ყოველი, რაზეც იგი დაწვება თავისი წიდოვანებისას, გაუწმიდურდება, და ყოველივე, რაზეც იგი დაჯდება, გაუწმიდურდება. 21 და ყოველმა, ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 22 და ყოველმა, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. 23 და თუ ვინმე შეეხება რაიმეს საწოლზე ან იმ საგანზე, რომელზეც იგი იჯდა, როდესაც მამაკაცი შეეხო მას, მაშინ ის უწმიდური იქნება საღამომდე. 24 „‘და თუ დაწვება მასთან მამაკაცი და ქალის თვიური გამონადენი იქნება მასზე, მაშინ ის მამაკაცი უწმიდური იქნება შვიდი დღე. და ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება, უწმიდური იქნება. 25 „‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის წიდოვანებაზე მეტხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი უწმიდურია. 26 ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება თავისი გამონადენის დროს, მისთვის ითვლება საწოლად, როგორც მისი წიდოვანების დროს. 27 და ყოველი, ვინც შეეხება მათ, უწმიდური იქნება. უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და იქნება უწმიდური საღამომდე. 28 „‘და როცა ის გასუფთავდება თავისი გამონადენისგან, აღრიცხოს თავისთვის შვიდი დღე, და მერე სუფთა იქნება. 29 და მერვე დღეს იგი აიყვანს თავისთვის ორ გვრიტს, ან მტრედის ორ მართვეს, და მიუყვანს მღვდელს, საკრებულო კარვის შესასვლელთან; 30 და შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად და მეორეს სრულადდასაწველად; და შეუნდოს მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურების გამო. 31 „‘და გააფრთხილეთ ისრაელის ძენი მათი უწმიდურების გამო, რათა არ დაიხოცონ თავიანთი უწმიდურებით, გააუწმიდურებენ რა ჩემს მოწმობის კარავს, რომელიც მათ შორისაა.’” 32 ესაა რჯული ლორწომდინარისა და იმისა, ვისაც დაემართება თესლდენა, რაც გააუწმიდურებს მას, 33 და იმისი, ვინც იტანჯება თავისი წიდოვანებით, და იმ მამაკაცისა თუ ქალისა და ქმრისა, რომელიც დაწვება უწმიდურთან.

თავი მეთოთხმეტე                                                                                                                            თავი მეთექვსმეტე

COMMENTS