HomeUncategorized

ლევიანნი 4

ძველი აღთქმა
ლევიანნი

41 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფლის რომელიმე მცნებათა წინააღმდეგ და ქმნას რაიმე, რაც აკრძალულია – 3 „‘თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა ხალხის გარევით დანაშაულში, დაე, შესწიროს უფალს თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, მოზვერი მსხვილფეხიდან, უბიწო, ცოდვის მსხვერპლად. 4 და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, და დაადოს თავისი ხელი მოზვერს თავზე, და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე. 5 და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში. 6 და ამოაწო მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლიდან უფლის წინაშე წმიდა ფარდის წინ. 7 და სცხოს მღვდელმა სისხლიდან უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია, და მთელი ნარჩენი სისხლი მოზვრისა მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. 8 და მთელი ქონი ცოდვის შესაწირავის მოზვრისა, ამოაცალოს მას, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, 9 და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ მოკვეთოს იგი, 10 როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან; და დააკმიოს ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე. 11 ხოლო ტყავი მოზვრისა და მთელი მისი ხორცი თავითა და კანჭებითურთ, და მისი შიგნეული სკორეთურთ, 12 მთელი მოზვერი გაიტანოს ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშებზე ცეცხლით. ნაცრის გადაყრის ადგილზე დაიწვას იგი. 13 „‘და თუ მთელი თემი ისრაელისა შეცდება და დაიფარება საქმე კრებულის თვალთაგან, და ჩაიდენს რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდნენ, 14 როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, შესწიროს კრებულმა მოზვერი მსხვილფეხიდან ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ. 15 და დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვრის თავს უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე 16 და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში. 17 და ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და მოასხუროს შვიდგზის უფლის წინაშე, ფარდის წინ. 18 და სისხლიდან მოსცხოს სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშეა საკრებულო კარავში, და მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. 19 და მთელი მისი ქონი ამოიღოს მისგან და დააკმიოს სამსხვერპლოზე. 20 და გაუკეთოს ამ მოზვერს იგივე, რაც გაუკეთა ცოდვის შესაწირავის მოზვერს, და შეუნდობს მათ მღვდელი და მიეტევებათ მათ. 21 და გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას იგი, როგორც დაწვა პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის შესაწირავია. 22 „‘თუ მთავარმა შესცოდოს და გააკეთოს შეცდომით რამე უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო, და ჩაიდინა დანაშაული, 23 ან ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან სცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირავი, უმანკო თხა, 24 და დაადოს ხელი თხას თავზე, და დაკლას იგი ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი. 25 და აიღოს მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლიდან თითით და მოსცხოს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი მისი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს. 26 და მთელი მისი ქონი დააკმიოს სამსხვერპლოზე, როგორც ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა, და შეუნდობს მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება მას. 27 „‘და თუ ჩაიდენს ვინმე ხალხიდან შეცდომით რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდება, 28 ან, როდესაც ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან შესცოდა, მიიტანოს მსხვერპლად დედალი თხა, უნაკლო, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. 29 და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს ცოდვის მსხვერპლი სრულადდასაწველის ადგილზე. 30 და აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. 31 და მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთა ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას. 32 „‘და თუ ცხვრის ფარიდან მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უმანკო იყოს, დედალი. 33 და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს. 34 და აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლისაგან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, ხოლო მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. 35 და მთელი მისი ქონი მოკვეთოს, როგორც მოიკვეთა ცხვრის ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა ისინი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად; და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას.

თავი მესამე                                                                                                                                                თავი მეხუთე

COMMENTS