ლევიანნი
61 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „თუ ვინმე შესცოდავს და მუხთლობით იმუხთლებს უფლის წინაშე, და უარს ეტყვის თავის მოყვასს შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე ან გატაცებულზე, ან გამოსძალავს თავის მოყვასს 3 ან იპოვის დაკარგულს და უარყოფს ამას, და დაიფიცებს ცრუდ რამეზე, რასაც სჩადის ადამიანი, სცოდავს რა ამით, 4 შესცოდავს, და დამნაშავე გახდება. დააბრუნოს მოტაცებული, რომელიც მოიტაცა, ან გამოძალული, რაც გამოსძალა, ან ანაბარი, რომელიც მას მიაბარეს, ან დაკარგული, რომელიც იპოვა. 5 ან ყველაფრისათვის, რისთვისაც ცრუდ დაიფიცებს, ის გადაიხდის სრულად და მეხუთედს დაუმატებს; ვისაც ეკუთვნის, იმას მისცემს დანაშაულის მსხვერპლის შეწირვის დღეს. 6 და თავისი დანაშაულის მსხვერპლად მიიტანოს უფალთან ვერძი, უმანკო, წვრილფეხა საქონლიდან მისი შეფასებით, როგორც დანაშაულის მსხვერპლი მღვდლისადმი. 7 და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე, და მიეტევება მას ერთი მათგანი, რომლითაც იგი დადანაშაულდა.” 8 და უთხრა უფალმა მოსეს: 9 „ამცნე აარონს და მის ძეთ: ‘ესაა რჯული სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს კოცონზე, სამსხვერპლოზე, მთელი ღამე, ვიდრე დილამდე, და ცეცხლი სამსხვერპლოსი გიზგიზებდეს მასზე. 10 და შეიმოსოს მღვდელმა შესამოსელი სელისა და ქვედა საცვალი სელისავე შეიმოსოს ტანზე, და აიღოს ფერფლი სრულადდასაწველისგან, რომელიც დაწვა ცეცხლმა სამსხვერპლოზე, და დადვას იგი სამსხვერპლოსთან. 11 და გაიხადოს თავისი შესამოსელი და შეიმოსოს სხვა შესამოსელი, და გამოიტანოს ფერფლი ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე. 12 და ცეცხლი სამსხვერპლოზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი, და დააკმიოს მასზე ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა. 13 ცეცხლი მარადის გიზგიზებდეს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. 14 „‘და ესაა რჯული პურეული ძღვენისა: მიიტანონ იგი აარონის ძეთ უფლის წინაშე სამსხვერპლოზე. 15 და აიღოს მისგან პეშვით წმიდა პურის ფქვილის ძღვენისგან და მისი ზეთისგან, და მთელი გუნდრუკი, რომელიც პურეულის ძღვენზეა, და დააკმიოს სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად მის მოსაგონრად უფლის წინაშე. 16 და დანარჩენი მისგან შეჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა; ხმიადი იჭამოს წმიდა ადგილზე, საკრებულო კარვის ეზოში შეჭამონ. 17 არ გამოცხვეს გაფუებული. ეს მივეცი მათ წილად ჩემი საცეცხლო შესაწირავებისაგან. წმიდათაწმიდაა იგი, როგორც ცოდვის მსხვერპლი და დანაშაულის მსხვერპლი. 18 ყოველი მამრობითი სქესისა აარონის ძეთაგან ჭამდეს მას, მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან. ყოველი, რომელიც მათ შეეხება, განიწმიდება.’” 19 და უთხრა უფალმა მოსეს: 20 „ესაა აარონისა და მის ძეთა მსხვერპლი, რომელსაც შესწირავენ უფალს მათი ცხების დღეს – ეფის მეათედი წმიდა ფქვილი მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს. 21 ტაფაზე ზეთში უნდა იყოს დამზადებული, შეკაზმული მიიტანე იგი, კარგად გამომცხვარი, როგორც ძღვენი პურეულისა. შესწირე იგი კეთილსურნელებად უფლისათვის. 22 და მღვდელმა, მის ადგილზე ცხებულმა, მის ძეთაგან, უნდა შეასრულოს იგი. ეს მარადიული წესია. მთლიანად უფლისათვის დაიკმევა იგი. 23 და ყოველი პურეული ძღვენი მღვდლისგან შეწირული მთლიანად უნდა დაიწვას, არ შეიჭამოს.” 24 და უთხრა უფალმა მოსეს: 25 „უთხარი აარონსა და მის ძეთ: ‘ესაა რჯული ცოდვის მსხვერპლისა: იმ ადგილზე, სადაც დაიკვლის სრულადდასაწველი, დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც უფლის წინაშე. წმიდათა წმიდაა იგი. 26 მღვდელმა, რომელმაც ცოდვის მსხვერპლი შესწირა, შეიძლება შეჭამოს იგი. წმიდა ადგილზე იჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში. 27 ყოველი, რომელიც შეეხება მის ხორცს, განიწმიდება. და თუ მოესხურება მისი სისხლიდან სამოსელს, წმიდა ადგილზე გარეცხოს ის, რასაც მიესხურება. 28 ჭურჭელი თიხისა, რომელშიც იგი იხარშებოდა, დაიმსხვრეს. და თუ სპილენძის ჭურჭელში იხარშებოდა, მაშინ იგი გამოირეცხოს და გამოევლოს წყალი. 29 ყოველ მამროვანს მღვდელთაგან შეუძლია ჭამოს იგი. წმიდათა წმიდაა იგი. 30 და ყოველი ცოდვის მსხვერპლი, რომლის სისხლი საკრებულო კარავში იქნება შეტანილი საწმიდარში შენდობისათვის, არ იჭამოს: ცეცხლზე დაიწვას.