ლევიანნი
111 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 2 „უთხარით ისრაელის ძეთ: ‘აჰა, ეს ცხოველები შეგიძლიათ ჭამოთ ყოველ პირუტყვთაგან, რომელიც მიწაზეა: 3 ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი ღრმა ჭრილით და ამოიცოხნის საცოხნელს, ჭამეთ. 4 „‘ხოლო იმათგანი არ ჭამოთ, რომელნიც ამოიცოხნიან საცოხნელს და არა აქვთ გაყოფილი ჩლიქი. აქლემი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ მისი ჩლიქი არაა გაყოფილი, უწმიდურია ის თქვენთვის; 5 და ბოცვერი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ მას არა აქვს გაყოფილი ჩლიქი, უწმიდურია ის თქვენთვის; 6 და კურდღელი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ არა აქვს მას გაყოფილი ჩლიქი, უწმიდურია ის თქვენთვის; 7 და ღორი, რადგან მას აქვს გაყოფილი ჩლიქი ღრმა ჭრილით, მაგრამ არ ამოიცოხნის საცოხნელს, უწმიდურია ის თქვენთვის. 8 მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის. 9 „‘აჰა, ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ყოველთაგან, რომელნიც წყალში არიან, ყოველი, რომელსაც აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, ზღვებში და მდინარეებში, ისინი შეგიძლიათ ჭამოთ. 10 და ყოველნი, რომლებსაც არა აქვთ ფარფლი და ქერეჭი ზღვებში და მდინარეებში, წყლის ყოველ ქვეწარმავალთაგან, ყოველ ცოცხალ არსებათაგან, რომელნიც წყალში არიან, საძაგელნი არიან თქვენთვის. 11 საძაგელნი უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ. 12 ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის. 13 „‘ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ იჭამონ, საძაგელნი არიან ისინი: არწივი, ზღვის ორბი და ზღვის არწივი, 14 და ძერა და შევარდენი მისი გვარისდა მიხედვით. 15 ყოველი ყორანი მისი გვარისდა მიხედვით, 16 და სირაქლემა და თოლია, და ქორი მისი გვარისდა მიხედვით, 17 და კიოტი, თევზიყლაპია და ძენძერუკი, 18 და ჭოტი, ვარხვი და სვავი, 19 და ყარყატი, ყანჩა მისი გვარისდა მიხედვით, ოფოფი და ღამურა. 20 „‘ყოველი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე საძაგელია თქვენთვის. 21 ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც აქვს წვივები, რათა ხტუნავდეს მით მიწაზე. 22 ესენი შეგიძლიათ ჭამოთ მათგან: კალია, მისი გვარისდა მიხედვით, სოლამი, მისი გვარისდა მიხედვით, ხარგოლი მისი გვარისდა მიხედვით, და ხაგაბი მისი გვარისდა მიხედვით. 23 და ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის. 24 „‘მათგან გაუწმიდურდებით. ყოველი, ვინც შეეხება მათს მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 25 და ყველამ, ვინც აიღებს რამეს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 26 „‘ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი ჩლიქი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი, და არ ამოიცოხნის საცოხნელს, უწმიდურია თქვენთვის. ყოველი, რომელიც შეეხება მათ, გაუწმიდურდება. 27 და ყოველი მავალი თავის თათებზე ყოველ ცხოველთაგან, რომლებიც დადიან ოთხზე, უწმიდურია თქვენთვის. ვინც კი შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 28 მათი მძორის ამღებმა გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება ის საღამომდე. გაუწმიდურებული არიან ისინი თქვენთვის. 29 „‘აჰა, რა არის უწმიდური თქვენთვის ქვეწარმავალთაგან: დედამიწაზე მხოხავნი: თხუნელა, თაგვი და ხვლიკი მისი გვარისდა მიხედვით, 30 ანაკა, მსვენლომი, ძლოკვი, ხომეტი და ქამელეონი. 31 ესენი უწმიდურები არიან თქვენთვის ყოველ ქვეწარმავალთაგან. ყოველი, რომელიც შეეხება მათ მკვდრებს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 32 და ყველაფერი, რასაც დაეცემა რომელიმე მათგანი მკვდარი, გაუწმიდურდება. ყოველი ჭურჭელი ხისა ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა, და ყოველი საგანი, რომელიც გამოიყენება საქმეში, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და უწმიდური იქნება საღამომდე, ხოლო შემდეგ იქნება სუფთა. 33 და ყოველი ჭურჭელი თიხისა, რომელშიც ჩავარდება რომელიმე იმათგანი, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ. 34 ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმება, რომელშიც შეაღწია წყალმა ასეთი ჭურჭლიდან, გაუწმიდურდება. და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ ყოველ ასეთ ჭურჭელში. 35 და ყველაფერი რაზეც დაეცემა რაიმე, მათი მძორისგან, გაუწმიდურდება. თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: ისინი გაუწმიდურებულნი არიან და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც. 36 მხოლოდ წყარო და ჭა – წყალსატევი – სუფთა იქნება. ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურდება. 37 და თუ დაეცა რაიმე მათი მძორისგან რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც ითესება, მაშინ იგი სუფთაა. 38 და თუ დაესხა წყალი თესლს და დაეცა რაიმე მძორისაგან, უწმიდური იქნება თქვენთვის. 39 „‘თუ მოკვდა პირუტყვთაგანი, რომელიც გეჭმევათ, ვინც შეეხება მის მძორს, უწმიდური იქნება საღამომდე. 40 და რომელმაც ჭამოს მკვდარი მათგანი, უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე; და რომელმაც წაიღოს მისი მძორი, უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე. 41 „‘და ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, საძაგელია, არ უნდა იჭამოს. 42 ყოველი, რომელიც ხოხავს მუცელზე, და ყოველი, რომელიც დადის ოთხზე, და ყოველი მრავალფეხიანი ქვეწარმავალთაგან, რომელნიც ქვემძრომობენ მიწაზე, არ ჭამოთ ისინი, რადგან საძაგელნი არიან ისინი. 43 ნუ წაბილწავთ თქვენს თავს ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით, და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან. 44 რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ გააუწმიდურებთ თქვენს თავს ყოველი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე. 45 რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე. 46 „‘ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომელნიც წყალში იძვრიან, და ყოველი არსებისა, რომელნიც მიწაზე ქვემძრომობენ, 47 რათა სხვაობა იყოს უწმიდურსა და წმიდას შორის, და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს, და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.’”
COMMENTS