HomeUncategorized

ლევიანნი 18

ძველი აღთქმა
ლევიანნი

181 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 3 არ მოიქცეთ მსგავსად ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა, სადაც ცხოვრობდით თქვენ, და მსგავსად ქანაანის ქვეყნის ჩვეულებათა, სადაც მე მიგიყვანთ თქვენ, და მათი წესებით არ იცხოვროთ. 4 შეასრულეთ ჩემი სამართალნი, და დაიცავით ჩემი წესები, იცხოვრეთ მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 5 და დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი, რომელთა აღსრულებით იცოცხლებს კაცი. მე ვარ უფალი. 6 „‘არავინ თავის ხორცით ნათესავს არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ უფალი. 7 „‘სიშიშვლე მამაშენისა და სიშიშვლე დედაშენისა არ გამოაჩინო. იგი დედაა შენი, არ ახადო მისი სიშიშვლე. 8 „‘სიშიშვლე მამაშენის ცოლისა არ გამოაჩინო. მამაშენის სიშიშვლეა იგი. 9 „‘სიშიშვლე შენი დისა, მამაშენის ასულისა ან დედაშენის ასულისა, სახლში შობილისა ან გარეთ შობილისა, არ ახადო მათი სიშიშვლე. 10 „‘სიშიშვლე შენი ძის ასულისა ან შენი ასულის ასულისა, არ ახადო მათი სიშიშვლე, რადგან შენი სიშიშვლეა ისინი. 11 „‘სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულისა, მამაშენისგან შობილისა, შენი და არის იგი, არ ახადო მისი სიშიშვლე. 12 „‘სიშიშვლე მამაშენის დისა არ ახადო, მამაშენის ხორცია იგი. 13 „‘სიშიშვლე დედაშენის დისა არ ახადო, რადგან დედაშენის ხორცია იგი. 14 „‘სიშიშვლე მამაშენის ძმისა არ ახადო: მის ცოლს არ მიუახლოვდე, შენი ძალუაა იგი. 15 „‘სიშიშვლე შენი რძლისა არ ახადო: შენი ძის ცოლია იგი. 16 „‘სიშიშვლე შენი ძმის ცოლისა არ ახადო: შენი ძმის სიშიშვლეა იგი. 17 „‘სიშიშვლე შენი ცოლის ასულისა არ ახადო, მისი ძის ასული და მისი ასულის ასული არ ითხოვო სიშიშვლის ასახდელად. ერთი ხორცისანი არიან ისინი. ეს გარყვნილება იქნება. 18 „‘ცოლის დას ნუ ითხოვ მეტოქედ მისი სიშიშვლის ასახდელად ცოლის სიცოცხლეში. 19 „‘ქალს უსუფთაობის ჟამს ნუ მიუახლოვდები მისი სიშიშვლის ასახდელად. 20 „‘შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით. 21 „‘შენს შთამომავალთაგან არ მისცე ცეცხლში გასატარებლად მოლეხთან და ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი. 22 ‘მამაკაცთან არ დაწვე, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა. 23 „‘და არავითარ პირუტყვთან არ დაწვე, რადგან გაუწმიდურდები მისით. ქალი არ დადგეს პირუტყვის წინ მასთან შესაუღლებლად. ეს საზიზღრობაა. 24 „‘ნუ გაუწმიდურდებით ყოველივე ამით, რადგან ამით იყვნენ გაუწმიდურებულნი ხალხები, რომელთაც თქვენგან ვდევნი მე. 25 და გაუწმიდურდა ქვეყანა და დავსაჯე იგი თავისი ცოდვისათვის, და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი. 26 და თქვენ დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი, და ნუ გააკეთებს ნურაფერს ყოველ ამ საძაგლობიდან მკვიდრი და ხიზანი, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის. 27 რადგან ყოველი ეს საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა; 28 და რომ არ ამოგანთხიოთ ქვეყანამ, თუ მას გააუწმიდურებთ, როგორც ამოანთხია მან ხალხი, რომელიც თქვენამდე იყო. 29 რადგან ყოველი, ვინც ჩაიდენს რამეს ამ სისაძაგლეთაგან, სიცოცხლე ამის ჩამდენთა მოისპობა მათი ხალხის გარემოდან. 30 დაიცავით ჩემი ბრძანებანი, ნუ მოიქცევით ამ საძაგელი წესების მიხედვით, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაუწმიდურდეთ მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.”

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                                თავი მეცხრამეტე

COMMENTS