HomeUncategorized

ლევიანნი 19

ძველი აღთქმა
ლევიანნი

191 და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 2 მიმართე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი. 3 თითოეულს თავისი დედ-მამის შიში და კრძალვა ჰქონდეს, და ჩემი შაბათები დაიცავით; მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი. 4 პირს ნუ იბრუნებთ კერპებისაკენ და ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 5 სამადლობელო მსხვერპლის შეწირვისას, ისე შესწირეთ, რომ უფლის წყალობა ჰპოვოთ. 6 თქვენი მსხვერპლი იმ დღეს და მეორე დღეს უნდა შეჭამოთ, ხოლო რაც დარჩება მესამე დღემდე, ცეცხლში უნდა დაწვათ. 7 თუ მესამე დღეს შეჭამთ, სისაძაგლე იქნება და არ შეგეწირებათ. 8 მისი მჭამელი დამნაშავეა, რადგან უფლის სიწმიდე შებღალა, და მოისპობა თავისი ხალხიდან. 9 როცა მომკით თქვენი მიწის სამკალს, არ მოასრულოთ სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ. 10 თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ და დაბნეულ მარცვალს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზანისათვის დატოვეთ ის; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 11 არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთმანეთი. 12 არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე, და არ შებღალოთ სახელი თქვენი ღმერთისა; მე ვარ უფალი. 13 არ ავნო შენს მოყვასს და არც არაფერი წაგლიჯო, და მოჯამაგირის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ. 14 ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი. 15 სიცრუეს ნუ ჩაიდენ სამართალში, გლახაკს ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი. 16 არ გაავრცელო ჭორი შენს ხალხში, და არ აღდგე შენი მოყვასის სისხლზე; მე ვარ უფალი. 17 მტრობას ნუ ჩაიდებ გულში შენი ძმის მიმართ. ამხილე მოყვასი შენი, რომ არ დაგეკისროს ცოდვა მის გამო. 18 არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი. 19 ჩემი წესები დაიცავით. შენი საქონელი არ შეაჯვარო სხვა ჯიშისას; და შენს მინდორში არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი; და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი. 20 თუ ვინმე დაწვეს ქალთან და იყოს იგი მხევალი, სხვა კაცის დანიშნული, მაგრამ ჯერ არ იყოს გამოსყიდული, ან გათავისუფლებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს მათ, მაგრამ არა სასიკვდილო, რადგან იგი არაა თავისუფალი. 21 და მიიყვანოს იმ კაცმა თავისი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად. 22 და გაწმედს მას მღვდელი დანაშაულისაგან ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. 23 როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რომელიმე მსხმოიარე ხეს, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთელად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთელად, არ უნდა იჭამოს. 24 მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი შეიწიროს უფლის სადიდებლად. 25 მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი და შეკრიბეთ მისი მოსავალი; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 26 არაფერი ჭამოთ სისხლითურთ; არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ. 27 არ შეიჭრათ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაიხდინო კიდე შენი წვერისა. 28 არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ; მე ვარ უფალი. 29 ნუ მიუშვებ შენს ასულს საროსკიპოდ, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. 30 ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი. 31 ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაუწმიდურდებით მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 32 ჭაღარას ფეხზე წამოუდექი და პატივი მიაგე მოხუცს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი. 33 როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი. 34 როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს ის თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 35 ნუ მოიტყუებთ ნურც სამართალში, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში. 36 სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. 37 დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი; მე ვარ უფალი.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                        თავი მეოცე

COMMENTS