HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 1

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

11 მოსეს, უფლის მსახურის, სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს: 2 „მოსე, ჩემი მსახური, მოკვდა. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ. 3 ყოველი ადგილი, რომელზეც თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს: 4 უდაბნოდან და ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე, ხეთელების მთელი ქვეყანა; და დიდ ზღვამდე მზის დასავალამდე იყოს თქვენი საზღვარი. 5 ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ. 6 გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. 7 ოღონდ გამაგრდი და ძალზე განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ. 8 ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი. 9 აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.” 10 და უბრძანა იესომ ხალხის ზედამდგომელთ ასე: 11 „გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ დასამკვიდრებლად.” 12 და რეუბენელებს, და გადელებს, და მენაშეს ნახევარ ტომს უთხრა იესომ ასე: 13 „გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გიბრძანათ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა: ‘უფალმა, თქვენმა ღმერთმა, დაგასვენათ თქვენ და მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა.’ 14 თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ თქვენ მოსემ იორდანეს გაღმა. გადალახეთ იარაღასხმულებმა თქვენი ძმების წინაშე, ყველა მამაცმა მოლაშქრემ, და დაეხმარეთ მათ, 15 ვიდრე დაასვენებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით, რათა დაიმკვიდრონ მათაც ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, აძლევს მათ. და მაშინ დაბრუნდებით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრებთ მიწას, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით.” 16 და მიუგეს იესოს ასე: „ყველაფერს, რაც გვიბრძანე, გავაკეთებთ, და ყველგან, საითკენაც მიგვავლენ ჩვენ, წავალთ. 17 როგორც ვუსმენდით მოსეს, ისე მოგისმენთ შენც; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც იყო მოსესთან! 18 ყველა კაცი, რომელიც არ დაემორჩილება შენს ბრძანებას და არ მოისმენს შენს სიტყვებს ყველაფერში, რასაც უბრძანებ მას, მოკვდება. ოღონდ შენ გამაგრდი და განმტკიცდი.”

მეორე რჯული                                                                                                                                            თავი მეორე

COMMENTS