იესო ნავეს ძე
21 და გაგზავნა იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ფარულად ორი მსტოვარი და უთხრა: „წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო.” და წავიდნენ ისინი, და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის, სახლში და ღამე იქ გაათიეს. 2 ამბავი მოუვიდა იერიხოს მეფეს: „აჰა, კაცები მოსულან ამ ღამით ისრაელის ძეთაგან ქვეყნის დასაზვერად.” 3 და შეუთვალა იერიხოს მეფემ რახაბს: „გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ და შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან ჩვენი ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.” 4 და აიყვანა ამ ქალმა ეს ორი კაცი და დამალა ისინი, და თქვა: „დიახ, მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცოდი, თუ საიდან იყვნენ ისინი. 5 და როცა კარიბჭე უნდა დაკეტილიყო, დაბინდებისას, მაშინ წავიდნენ ის კაცები. მე არ ვიცი, საით წავიდნენ ის კაცები. საჩქაროდ დაედევნეთ უკან, დაეწევით მათ.” 6 და მან აიყვანა ისინი ერდოზე და დამალა ისინი სელის ძნებში, რომელიც დაზვინული იყო მის ერდოზე. 7 დაედევნენ მათ იორდანესაკენ მიმავალი გზით, ფონებისაკენ. კარიბჭე კი მდევრების გასვლისთანავე დახურეს. 8 და ვიდრე ისინი დაწვებოდნენ, ავიდა მათთან ის ერდოზე, 9 და უთხრა იმ კაცებს: „მე ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, და თქვენმა შიშმა მოგვიცვა, და ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. 10 რადგან გვსმენია, თუ როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენს წინაშე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და რა უყავით ამორეველთა ორ მეფეს, სიხონს და ყოგს, იორდანეს გაღმელებს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. 11 და როცა გავიგეთ, შედრკა ჩვენი გული და მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ცაში, და დაბლა მიწაზე. 12 და ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით წყალობა, ასევე წყალობას უყოფთ მამაჩემის სახლს და მომეცით მე ჭეშმარიტი ნიშანი, 13 რომ მიცოცხლებთ მამაჩემს და დედაჩემს, ჩემს ძმებსა და ჩემს დებს, და ყველას, ვინც კი მათ ჰყავთ, და იხსნით ჩვენს სულებს სიკვდილისაგან.” 14 და უთხრეს ამ კაცებმა: „ჩვენი სული თქვენ მაგიერ მიეცეს მოსაკლავად, თუ არ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, და როცა მოგვცემს უფალი ჩვენ ამ ქვეყანას, წყალობითა და ერთგულებით მოგექცეით.” 15 და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავანში იყო მისი სახლი და გალავანში ცხოვრობდა იგი. 16 და უთხრა მათ: „მთაში წადით, მდევრები რომ არ გადაგაწყდნენ და სამი დღე იქ დაიმალენით, ვიდრე მდევრები არ დაბრუნდებიან, და შემდეგ წადით თქვენს გზაზე.” 17 და უთხრეს მას იმ კაცებმა: „ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით ამ შენი ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე ჩვენ: 18 აჰა, როცა თქვენს ქვეყანაში შემოვალთ, ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს გამოაბი. და მამაშენი და დედაშენი და შენი ძმები და მთელი შენი მამის სახლი შეკრიბე შენთან სახლში. 19 და ყველა, ვინც გამოვა შენი სახლის კარიდან გარეთ, მისი სისხლი მის თავზე იყოს, და ჩვენ კი თავისუფალნი ვიქნებით. და ყველა, ვინც იქნება შენთან, შენს სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვისიმე ხელი შეეხოს მას. 20 და თუ შენ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.” 21 და მან თქვა: „იყოს თქვენი სიტყვისამებრ!” და გაისტუმრა ისინი და წავიდნენ, და მან მიაბა მეწამული თოკი სარკმელს. 22 და წავიდნენ და მივიდნენ მთაში და დაჰყვეს იქ სამი დღე, ვიდრე მდევრები გაბრუნდებოდნენ. და ეძებდნენ მდევარნი მთელ გზაზე და ვერ იპოვეს ისინი. 23 და დაბრუნდა ეს ორი კაცი, და ჩამოვიდნენ მთიდან და გავიდნენ და მივიდნენ იესო ნავეს ძესთან, და უამბეს მას ყველაფერი, რაც შეემთხვათ. 24 და უთხრეს იესოს: „უფალმა ჩაგვიგდო ხელში მთელი ქვეყანა და ქვეყნის ყველა მკვიდრი შეძრწუნებულია ჩვენს წინაშე.”