იესო ნავეს ძე 7

By
მაისი 3, 2015
ძვლი აღთქმა
იესო ნავეს ძე

71 მაგრამ ღალატი ჩაიდინეს ისრაელის ძეთ დარისხებულის მიმართ. და აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა, იუდას ტომიდან, დარისხებულიდან. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელის ძეებზე. 2 და გააგზავნა იესომ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც იყო ბეთ-ავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ქვეყანა.” და ავიდნენ ის კაცები და დაზვერეს ჰაღაი. 3 და დაბრუნდნენ იესოსთან, და უთხრეს მას: „ნუ ავა მთელი ხალხი. ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და შემუსროს ჰაღაი. ნუ გარჯი იქ მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი.” 4 და წავიდა იქ სამიათასამდე კაცი, და უკუიქცნენ ჰაღაის კაცთაგან. 5 და დახოცეს მათგან ჰაღაის კაცებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი, და დაედევნენ მათ კარიბჭიდან შებარიმამდე, და შემუსრეს ისინი ფერდობზე. და შეუდრკა ხალხს გული და წყალივით გაუხდა. 6 და შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო პირქვე მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერი დაიყარეს. 7 და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისთვის, რომ ამორეველთა ხელში მიგეცა ჩვენი თავი დასაღუპად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით! 8 ჰოი, უფალო, რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა თავის მტრებს ზურგი უჩვენა? 9 გაიგებენ ქანაანელნი და ქვეყნის ყველა მკვიდრი, და შემოგვერტყმიან ჩვენ, და მოსპობენ ჩვენს სახელს ქვეყნიდან. და რას უზამ შენს დიად სახელს?” 10 და უთხრა უფალმა იესოს: „ადექი, რას დამხობილხარ პირქვე? 11 შესცოდა ისრაელმა და დაარღვიეს ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ, და აიღეს კიდეც დარისხებულიდან, და მოიპარეს, და დამალეს, და დადეს თავიანთ ჭურჭელთან. 12 და ამიტომ წინ ვერ აღუდგნენ ისრაელის ძენი თავიანთ მტრებს, ზურგი უჩვენეს თავიანთ მტრებს, რადგან თავად გახდნენ დარისხებულნი. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ შენს შორის დარისხებულს. 13 ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: ‘განიწმიდენით ხვალისათვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „დარისხებულია შენს შორის, ისრაელ. წინ ვერ აღუდგები შენს მტრებს, ვიდრე დარისხებულს არ მოიშორებ შენგან.” 14 დილას მოდექით თქვენი ტომების მიხედვით; და ის ტომი, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს საგვარეულოს მიხედვით; და საგვარეულო, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს კაცების მიხედვით. 15 და დარისხებულის წაღებაში დაჭერილი დაიწვას ცეცხლში, იგი და მთელი მისი საბადებელი, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უკეთურება ჩაიდინა ისრაელში.’” 16 და ადგა იესო დილაადრიან და გამოიყვანა ისრაელი ტომების მიხედვით. და დაჭერილ იქნა იუდა. 17 და გამოიყვანა იუდას ტომი, და დაჭერილ იქნა ზერახის საგვარეულო. და გამოიყვანა ზერახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილ იქნა ზიმრი. 18 და გამოიყვანა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილ იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზიმრისა, ძისა ზერახისა იუდას ტომიდან. 19 და უთხრა იესომ ყაქანს: „ჩემო შვილო, პატივი მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, და მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ.” 20 და მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: „ჭეშმარიტად, შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე. 21 და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და ვინდომე ისინი და ავიღე. და აჰა, ისინი მიწაშია დამალული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა.” 22 და გაგზავნა იესომ მაცნეები და ისინიც გაიქცნენ კარვისაკენ. და აჰა, ნახეს დამალული მის კარავში, და ვერცხლი მის ქვეშ. 23 და წამოიღეს ეს კარვიდან და მიუტანეს იესოს და ყველა ისრაელის ძეს, და დაყარეს იგი უფლის წინაშე. 24 და წაიყვანა იესომ ყაქანი, ძე ზერახისა, ვერცხლით და მოსასხამით და ოქროს ზოდითურთ და მისი ძენი, და მისი ასულნი, და მისი ხარი, და მისი სახედარი, და მისი ცხვარი, და მისი კარავი, და მთელი მისი საბადებელი. და მთელი ისრაელი მასთან იყო, და წაიყვანეს ისინი ყაქორის ველზე. 25 და უთხრა იესომ: „რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება,” და დააყარა მას მთელმა ისრაელმა ქვა, და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ისინი ქვებით. 26 და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც დღემდე შემორჩენილია. და დაცხრა უფალი თავისი რისხვის მძვინვარებისაგან. ამისთვის ეწოდება დღემდე სახელად იმ ადგილს ყაქორის ველი.

თავი მეექვსე                                                                                                                                                 თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close