იესო ნავეს ძე
201 და უთხრა უფალმა იესოს: 2 “ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი: ‘დაიდგინეთ თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს ხელით, 3 რათა გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი. და გქონდეთ თქვენ მესისხლესგან თავშესაფრად. 4 და ვინც გაიქცევა ერთ-ერთ ამ ქალაქში, დადგეს ქალაქის კარიბჭის შესავალთან, და იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად განაცხადოს თავისი საქმენი. და შეიფარებენ მას ქალაქში, და მისცემენ მას ადგილს, და იცხოვრებს მათთან. 5 და თუ დაედევნება მას მესისხლე, ხელში არ ჩაუგდონ მას მკვლელი, რადგან უნებლიეთ შემოაკვდა თავისი მოყვასი და არ სძულებია იგი მას არც გუშინ, არც გუშინწინ. 6 იცხოვროს მან ამ ქალაქში, ვიდრე არ წარდგება თემის წინაშე განსაკითხავად, ვიდრე არ მოკვდება მღვდელმთავარი, რომელიც იმ დღეებში იქნება. და მხოლოდ მაშინ დაბრუნდება მკვლელი და მივა თავის ქალაქში და თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ის გაიქცა.” 7 და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი, იუდას მთაში. 8 და იორდანეს გაღმა იერიხოსკენ, აღმოსავლეთით გამოყვეს: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან, და რამოთი გილყადში გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში მენაშეს ტომიდან. 9 ეს ქალაქები იყო განკუთვნილი ყველა ისრაელიანისთვის, ხიზნისათვის, ვინც მათთან არის შეხიზნული, რათა თავი შეაფაროს იქ ყველა უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლის ხელით, ვიდრე თემს წარუდგებოდეს.