HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 14

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

141 ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეთ ქანაანის ქვეყანაში, რაც დაუმკვიდრეს მათ ელეაზარ მღვდელმა და იესო ნავეს ძემ, და ისრაელის ძეთა ტომების მთავრებმა. 2 წილისყრით დაუმკვიდრეს მათ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ხელით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს. 3 რადგან მოსემ სამკვიდრო ორ ტომს და ნახევარ ტომს იორდანეს გაღმა მისცა და ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის. 4 რადგან იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მენაშედ და ეფრემად; და ამიტომ არ მიუციათ წილი ლევის ძეთათვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები საცხოვრებლად მათი საძოვრებით მათი პირუტყვისათვის და მათი ქონებისათვის. 5 როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე შეასრულეს ისრაელის ძეთ და დაინაწილეს ქვეყანა. 6 და მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იესოსთან, და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: „შენ იცი სიტყვა, რომელიც კადეშ-ბარნეაყში უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, ჩემზე და შენზე. 7 მე ორმოცი წლისა ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მსახურმა, კადეშ-ბარნეადან ქვეყნის დასაზვერად. და მივუტანე მას ამბავი, ჩემი გულისამებრ. 8 და ჩემმა ძმებმა, რომელნიც ჩემთან ერთად დადიოდნენ, გული გაუტეხეს ხალხს. მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს. 9 და დაიფიცა მოსემ იმ დღეს, ასე: ‘ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდროდ იყოს უკუნისამდე, რადგან შენ გაჰყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს.’ 10 და აჰა, მაცოცხლა უფალმა მე, როგორც თქვა. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას აქეთ, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა. და ახლა, აჰა, ოთხმოცდახუთი წლისა ვარ. 11 ჯერაც ისევე მაგარი ვარ დღეს, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ისეთივე ძალა მაქვს საბრძოლველად, რათა გავიდე და შემოვიდე. 12 და ახლა, მომეცი ეს მთიანი ქვეყანა, როგორც უფალმა თქვა იმ დღეს, რადგან შენ ისმინე იმ დღეს, რომ იქ ყენაკები არიან, დიდი და გამაგრებული ქალაქებით. ეგებ უფალი იყოს ჩემთან, და განვდევნო ისინი, როგორც უფალმა ბრძანა.” 13 და აკურთხა იგი იესომ, და მისცა ხებრონი ქალებს, იეფუნეს ძეს, სამკვიდროდ. 14 ამიტომ არის ხებრონი ქალების, იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვიდროდ დღევანდლამდე, რადგან იგი მიჰყვა უფლის, ისრაელის ღმერთის, კვალს. 15 და უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, რომელიც ყენაკებს შორის დიდი კაცი იყო. და ქვეყანამ მოისვენა ომისაგან.

თავი მეცამეტე                                                                                                                              თავი მეთხუთმეტე

COMMENTS