ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე
იესო ნავეს ძე
61 იერიხო იყო ჩაკეტილი და მოზღუდული ისრაელის ძეთა წინაშე. არავინ იყო არც გამომსვლელი და არც შემსვლელი. 2 და უთხრა უფალმა იესოს: „ნახე, ხელში მოგეცი იერიხო და მისი მეფე თავისი მამაცი მებრძოლებით. 3 და გარს შემოუარეთ ქალაქს ყველა ბრძოლისუნარიანმა, წრე დაარტყით ქალაქს ერთგზის ასე აკეთეთ ექვსი დღის მანძილზე. 4 და შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი საყვირი კიდობნის წინ. და მეშვიდე დღეს გარს შემოუარეთ ქალაქს შვიდგზის და მღვდლებმა დააყვირონ რქის საყვირები. 5 და როცა დააყვირებენ ვერძის რქას და გაიგონებთ საყვირის ხმას, მთელმა ხალხმა დასცეს დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცევა ქალაქის კედელი, და ავა ხალხი მასზე, თითოეული თავისი მხრიდან.” 6 და მოუხმო იესო ნავეს ძემ, მღვდლებს და უთხრა მათ: „ასწიეთ აღთქმის კიდობანი! და შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ.” 7 და უთხრა ხალხს: „გასწიეთ და გარსშემოუარეთ ქალაქს და შეიარაღებულებმა იარონ უფლის კიდობნის წინ”. 8 და როგორც კი იესომ ხალხს უთხრა, შვიდი მღვდელი, ვერძის რქის საყვირებს რომ დაატარებდა უფლის წინაშე, წავიდა და ჩაჰბერა საყვირებს. და უფლის აღთქმის კიდობანი მოჰყვებოდა მათ უკან. 9 და შეიარაღებულნი წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც საყვირებს აყვირებდნენ, და უკანანი კიდობანს უკან მიჰყვებოდნენ და საყვირებს აყვირებდნენ. 10 და ხალხს უბრძანა იესომ: „ნუ იყიჟინებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, და სიტყვა არ დაგცდეთ ბაგეთაგან იმ დღემდე, ვიდრე მე არ გეტყვით ‘დაეცით ყიჟინა!’ და დასცემთ ყიჟინას.” 11 და გარს შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე; და მივიდნენ ბანაკში, და გაათიეს ბანაკში. 12 და ადგა იესო დილაადრიანად, და წაიღეს მღვდლებმა კიდობანი უფლისა. 13 და შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ, მიდიოდა, და მიმავალი აყვირებდა საყვირებს, და შეიარაღებულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი მიჰყვებოდნენ უფლის კიდობანს უკან, მიდიოდნენ და აყვირებდნენ საყვირებს. 14 და გარს შემოუარეს ქალაქს მეორე დღესაც ერთგზის, და დაბრუნდნენ ბანაკში. და ასე აკეთებდნენ ექვს დღეს. 15 ხოლო მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და გარსშემოუარეს ქალაქს იმავე წესით შვიდგზის. 16 და იყო მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის საყვირებს, მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „დაეცით ყიჟინა, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ ეს ქალაქი! 17 და დარისხებული უნდა იყოს ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთანაა სახლში, უნდა დარჩნენ ცოცხალი, რადგან მან დამალა წარგზავნილნი, ჩვენ რომ გავგზავნეთ. 18 ოღონდ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავი არ დაირისხოთ დარისხებულის აღებით, და არ დაარისხოთ ისრაელის ბანაკი, და უბედურება არ დაატეხოთ მას. 19 მთელი ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისათვის, უფლის საუნჯეში უნდა შევიდეს იგი.” 20 ხალხმა შესძახა და ჩაჰბერეს საყვირებს. და როგორც კი ხალხმა საყვირის ხმა გაიგო, დასცა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცა კედელი, და ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი. 21 და დაარისხეს ყველაფერი, რაც ქალაქში იყო: კაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, კრავი და სახედარი. 22 და უთხრა იესომ იმ ორ ჭაბუკს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასული: „მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ მას.” 23 და მივიდნენ ჭაბუკები, ქალაქი რომ დაზვერეს და გამოიყვანეს რახაბი, მისი მამა, მისი დედა, მისი ძმა და ყველა, ვინც მას ჰყავდა და დატოვეს ისინი ისრაელის ბანაკს გარეთ. 24 და ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი შემატეს უფლის სახლის საუნჯეს. 25 და მეძავი რახაბი და მამამისის სახლი და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ, და ის დარჩა ისრაელში ამ დღემდე, რადგან დამალა წარგზავნილნი, რომელნიც იესომ გაგზავნა იერიხოს დასაზვერად. 26 და იმ დროს დაიფიცა იესომ, ასე: „წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს! თავის პირმშოზე დააფუძნოს საძირკველი მისი, და თავის უმცროსზე დადგას კარიბჭე მისი.” 27 და იყო უფალი იესოსთან, და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში.