HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 21

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

211 და მივიდნენ ლევის ძეთა ტომის მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელის ძეთა ტომების მთავრებთან, 2 და უთხრეს მათ შილოში, ქანაანის ქვეყანაში ასე: „უფალმა ბრძანა მოსეს ხელით, რომ ჩვენ მოგვცემოდა ქალაქები საცხოვრებლად და მათი საძოვრები ჩვენი საქონლისათვის.” 3 და მისცეს ისრაელის ძეთ ლევიანებს თავიანთი სამკვიდროდან უფლის ბრძანებით ეს ქალაქები და მათი საძოვრები. 4 და ერგოთ წილი კეჰათიანთა საგვარეულოებს; და შეხვდათ აარონ მღვდლის ძეთ, ლევის ძეთ, იუდას ტომიდან, სიმონის ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, სულ ცამეტი ქალაქი. 5 და კეჰათის დანარჩენ ძეთ ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან, დანის ტომიდან და მენაშეს ნახევარ ტომიდან წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი. 6 და გერშონის ძეთ – ისაქარის ტომის საგვარეულოებიდან, და აშერის ტომიდან, და ნაფთალის ტომიდან, და მენაშეს ნახევარი ტომიდან ბაშანში წილისყრით – ცამეტი ქალაქი. 7 მერარის ძეთ ერგოთ მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის ტომიდან, გადის ტომიდან და ზებულუნის ტომიდან – თორმეტი ქალაქი. 8 და მისცეს წილისყრით ისრაელის ძეთ ლევიანებს ეს ქალაქები და მათი საძოვრები, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს ხელით. 9 და მისცეს იუდას ძეთა ტომიდან და სიმონის ძეთა ტომიდან ეს ქალაქები, რომელნიც აქ სახელით არიან მოხსენიებულნი. 10 და აარონის ძეთ, კეჰათიანთა საგვარეულოებიდან, ლევიანთაგან, 11 მისცეს კირიათ-არბაყი, ყენაკის მამისეული იგივე ხებრონი მისი საძოვრებით მის ირგვლივ იუდას მთაში. 12 და ამ ქალაქის ველი და მისი სოფლები მისცეს ქალებს, იეფუნეს ძეს. 13 და აარონის ძეებს მისცეს თავშესაფარი ქალაქი მკვლელთათვის – ხებრონი და მისი საძოვრები, ლიბნა და მისი საძოვრები, 14 იათირი და მისი საძოვრები, ეშთემოაყი და მისი საძოვრები, 15 ხოლონი და მისი საძოვრები, დებირი და მისი საძოვრები, 16 ყაინი და მისი საძოვრები, იუტა და მისი საძოვრები და ბეთ-შემეში და მისი საძოვრები – ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან. 17 და ბენიამინის ტომიდან: გაბაონი და მისი საძოვრები, გებაყი და მისი საძოვრები, 18 ყანათოთი და მისი საძოვრები, ყალმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 19 აარონის ძეებს, მღვდლებს, ერგოთ ცამეტი ქალაქი მათი საძოვრებითურთ. 20 და კეჰათის ძეთა საგვარეულოებს, ლევიანებს, დანარჩენ კეჰათიანებს, ერგოთ მათი წილისყრით ქალაქები ეფრემის ტომიდან. 21 და მისცეს მათ თავშესაფარი ქალაქი მკვლელთათვის – შექემი და მისი საძოვრები, ეფრემის მთაზე. და გეზერი და მისი საძოვრები, 22 და კიბცაიმი და მისი საძოვრები, და ბეთ-ხორონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 23 დანის ტომიდან: ელთეკე და მისი საძოვრები, გიბეთონი და მისი საძოვრები, 24 აიალონი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 25 და მენაშეს ნახევარი ტომიდან: თაყანაქი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – ორი ქალაქი. 26 სულ ათი ქალაქი ერგოთ მათი საძოვრებითურთ კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოებს. 27 და გერშონის ძეთ ლევიანთა საგვარეულოებიდან, მენაშეს ნახევარი ტომიდან ერგოთ თავშესაფარი ქალაქი მკვლელთათვის – გოლანი ბაშანში და მისი საძოვრები, და ბეყეშთერა და მისი საძოვრები – სულ ორი ქალაქი. 28 და ისაქარის ტომიდან: კიშიონი და მისი საძოვრები, დაბრათი და მისი საძოვრები, 29 იარმუთი და მისი საძოვრები, ყენ-განიმი და მისი საძოვრები – ოთხი ქალაქი. 30 და აშერის ტომიდან: მიშალი და მისი საძოვრები, ყაბდონი და მისი საძოვრები, 31 ხელკათი და მისი საძოვრები, რეხობი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 32 და ნაფთალის ტომიდან თავშესაფარი ქალაქი მკვლელისთვის: კედეში გალილეაში და მისი საძოვრები, ხამოთ-დორი და მისი საძოვრები, და კართანი და მისი საძოვრები – სულ სამი ქალაქი. 33 სულ ცამეტი ქალაქი გერშონელებს, მათი საგვარეულოების მიხედვით, მათი საძოვრებით. 34 და მერარის ძეთა საგვარეულოებისათვის, დანარჩენ ლევიანთათვის: ზებულუნის ტომიდან: იოკნეყამი და მისი საძოვრები, კართა და მისი საძოვრები, 35 დიმნა და მისი საძოვრები, ნაჰალალი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 36 და რეუბენის ტომიდან: ბეცერი და მისი საძოვრები, იაჰცა და მისი საძოვრები, 37 კედემოთი და მისი საძოვრები, მეფაყათი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 38 და გადის ტომიდან: თავშესაფარი ქალაქები მკვლელთათვის – რამოთი გილყადში და მისი საძოვრები, და მახანაიმი და მისი საძოვრები. 39 ხეშბონი და მისი საძოვრები, იაყზერი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. 40 ყველა ქალაქი მერარის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით, დანარჩენ ლევიანთა საგვარეულოებს, წილისყრით ერგოთ თორმეტი ქალაქი. 41 ლევის ძეთა ყველა ქალაქი ისრაელის ძეთა სამფლობელოში იყო ორმოცდარვა, თავიანთი საძოვრებით. 42 და ყველა ამ ქალაქს თავისი საძოვრები ჰქონდა ირგვლივ. ასე იყო ყოველი ამ ქალაქისთვის. 43 და მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემა შეჰფიცა მათ მამებს, და დაიმკვიდრეს იგი და იქ დასახლდნენ. 44 და მოასვენა ისინი უფალმა ყოველი მხრიდან, როგორც შეჰფიცა მათ მამებს. და მის მტერთაგან წინ ვეღარავინ აღუდგა. ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა. 45 არ გაცუდებულა არც ერთი სიტყვა ყველა კეთილი სიტყვიდან, რომელიც ისრაელის სახლს უთხრა უფალმა, ყოველივე ახდა.

თავი მეოცე                                                                                                                                         თავი ოცდამეორე

COMMENTS