იესო ნავეს ძე 8

By
მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

81 და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები. თან წაიყვანე მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის. ხელში ჩაგიგდებ ჰაღაის მეფეს და მის ხალხს, მის ქალაქსა და მის ქვეყანას. 2 და მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექეცი იერიხოს და მის მეფეს, მხოლოდ ნადავლი მისი და პირუტყვი მისი დაიტაცეთ თქვენთვის. და ჩასაფრდი ქალაქთან, მის უკან.” 3 და ადგა იესო და მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი ჰაღაიზე გასასვლელად. და ამოირჩია იესომ ოცდაათი ათასი მამაცი მოლაშქრე და გაგზავნა ისინი ღამით. 4 და უბრძანა მათ: „აბა, მოაწყვეთ საფარი ქალაქთან, ქალაქის უკან. ძალიან შორს არ გასცდეთ ქალაქს და ყველანი მზად იყავით. 5 და მე და მთელი ხალხი, რომელიც ჩემთანაა, მივადგებით ქალაქს. და როდესაც გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, როგორც პირველად, მაშინ გავექცევით მათ. 6 ისინი გამოგვყვებიან უკან, ვიდრე ქალაქს არ მოვწყვეტთ მათ, რადგან იტყვიან: ‘გარბიან ჩვენგან, როგორც პირველად.’ და გავექცევით მათ. 7 ადექით თქვენი საფარიდან და დაეუფლეთ ქალაქს. და ხელში ჩაგიგდებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი. 8 და როცა აიღებთ ქალაქს, წაუკიდეთ ცეცხლი ქალაქს, მოიქეცით უფლის სიტყვისამებრ. აბა, მე გიბრძანებთ თქვენ.” 9 და გაგზავნა ისინი იესომ, და წავიდნენ საფარში, და ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. და გაათია იესომ ის ღამე ხალხს შორის. 10 და ადგა იესო დილაადრიანად, და დაათვალიერა ხალხი, და ისრაელის უხუცესებთან ერთად ხალხს ჰაღაისკენ წაუძღვა. 11 და მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელიც მასთან იყო, წავიდა, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. და იყო ველი ჰაღაისა და მას შორის. 12 და შემდეგ გამოიყვანა ხუთი ათასამდე კაცი, და ჩაასაფრა ისინი საფარში ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით. 13 და მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და ჩასაფრებული რაზმი ქალაქის დასავლეთით იყო. და გავიდა იესო იმ ღამეს შუაგულ ველზე. 14 და იყო, როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ქალაქის მამაკაცებმა ისწრაფეს და ადგნენ ადრიანად და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ დროს ყარაბას წინ. და მან არ იცოდა, რომ ჩასაფრებულნი იყვნენ მისთვის ქალაქის უკან. 15 და იესო და მთელი ისრაელი, თითქოს დამარცხდნენო მათ წინაშე, გაიქცნენ უდაბნოს გზით. 16 და დასცა ყიჟინა მთელმა ხალხმა, რომელიც ჰაღაიში იყო, რათა დადევნებოდა მათ, და გამოედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს. 17 და კაცი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა უკან. და ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს უკან. 18 და უთხრა უფალმა იესოს: „ჰაღაიზე გაიწოდე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან მას ხელში ჩაგიგდებ.” და გაიწოდა იესომ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისაკენ. 19 და ჩასაფრებულები უმალ წამოდგნენ თავიანთი ადგილიდან და გაიქცნენ, როდესაც იესომ ხელი გაიწოდა, შეიჭრნენ ქალაქში და აიღეს იგი, და ისწრაფეს, და წაუკიდეს ქალაქს ცეცხლი. 20 და უკან მოიხედეს ჰაღაის მამაკაცებმა და დაინახეს ქალაქის კვამლი ზეცას სწვდებოდა. და აღარ დარჩათ მათ გასაქცევი ადგილი არც იქით, არც აქეთ. და უდაბნოსაკენ გაქცეული ხალხი შემოუბრუნდა მდევრებს. 21 და დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი, და ქალაქს კვამლი აუვიდა, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის ხალხი. 22 და ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად, და აღმოჩნდნენ ისრაელს შორის, ზოგი აქეთ, ზოგი იქით. და მუსრეს ისინი, და არ გაუშვეს მათ გადარჩენილი და ლტოლვილი. 23 და ჰაღაის მეფე შეიპყრეს ცოცხლად და მოუყვანეს იგი იესოს. 24 და როცა მორჩა ისრაელი ჰაღაის ყველა მკვიდრის დახოცვას ველზე, უდაბნოში, სადამდეც მირეკეს ისინი, და ყველანი დაეცნენ მახვილის პირით, მაშინ მობრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაისაკენ და შემუსრეს ისიც მახვილით. 25 და ყველა, ვინც დაეცა იმ დღეს, კაცი თუ დედაკაცი, იყო თორმეტი ათასი, ჰაღაის ყველა მკვიდრი. 26 და იესოს არ ჩამოუშვია ხელი, რომლითაც შუბი გაიწოდა, ვიდრე არ მოსპო ჰაღაის ყველა მცხოვრები. 27 და მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი იმ ქალაქისა დაიტაცა თავისთვის ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც მან უბრძანა იესოს. 28 და გადაწვა იესომ ქალაქი ჰაღაი, საუკუნო ნანგრევებად და უკაცრიელ ადგილად აქცია, დღევანდლამდე. 29 და ჰაღაის მეფე ჩამოჰკიდა ხეზე, საღამომდე. და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ, და ხიდან ჩამოხსნეს მისი გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც შემორჩენილია დღემდე. 30 მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე, 31 როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელიანებს. და ააგო ისე, როგორც ეს სწერია მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომელსაც არ მოღერებია კვერი. და აღუვლინეს მასზე სრულადდასაწველები უფალს, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი. 32 და გადააწერა იმ ქვებს მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მას ისრაელის ძეთა წინაშე. 33 და მთელი ისრაელი, და მისი უხუცესნი, და ზედამდგომნი, და მისი მსაჯულნი იდგნენ კიდობნის აქეთ-იქით, უფლის აღთქმის კიდობნის მტარებელი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი, ისე მკვიდრი. მათი ნახევარი იდგა გერიზიმის მთის პირდაპირ და მეორე მისი ნახევარი –ღებალის მთის პირდაპირ, როგორც პირველად უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ერის საკურთხებ-ლად. 34 და შემდეგ წაიკითხა იესომ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, რჯულის წიგნში ჩაწერილის მიხედვით. 35 არ ყოფილა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, იესოს რომ არ წაეკითხა მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების და პატარებისა და ხიზნების წინაშე, რომელნიც მათ შორის იყვნენ მოსულნი.

თავი მეშვიდე                                                                                                                                             თავი მეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close