HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 5

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

51 და როცა გაიგო ამორეველთა ყველა მეფემ, რომლებიც იყვნენ იორდანეს ამ მხარეს, დასავლეთისაკენ, და ქანაანის ყველა მეფემ, რომლებიც იყვნენ ზღვასთან, რომ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელის ძეთა წინაშე, ვიდრე არ გადალახეს იგი, შეუდრკათ გული და აღარ შერჩათ სული ისრაელის ძეთა გამო. 2 იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: „გაიკეთე კაჟის დანები და კვლავაც წინადაცვითე ისრაელის ძენი მეორედ.” 3 და გააკეთა იესომ კაჟის დანები, და წინადაცვითა ისრაელის ძენი გიბყათ-ჰაყარალოთთან. 4 აი, მიზეზი, რისთვისაც წინადაცვითა იესომ ისინი: მთელი რომელიც გამოვიდა ეგვიპტიდან, მამროვანი ერი, ბრძოლისუნარიანები, დაიხოცნენ უდაბნოში, გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ; 5 რადგან წინადაცვეთილი იყო მთელი ხალხი რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, ხოლო მთელი ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, არ იყო წინადაცვეთილი. 6 რადგან ორმოცი წელიწადი ხეტიალობდნენ ისრაელის ძენი უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ ისმინეს ხმა უფლისა, რომელმაც დაუფიცა, რომ ვერ იხილავდნენ ისინი ქვეყანას, რომელიც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, მოგვცემდა ჩვენ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. 7 და მათი ძეები, ვინც მათ ნაცვლად დაადგინა, წინადაცვითა იესომ, რადგან ისინი წინადაუცვეთელნი იყვნენ, რადგან არ წინადაუცვეთიათ გზაზე. 8 და როცა დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა, დარჩნენ ისინი თავინთ ადგილებზე ბანაკში, ჭრილობის მოშუშებამდე. 9 და უთხრა უფალმა იესოს: „დღეს მე მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი.” რის გამოც ეწოდა სახელი ამ ადგილს „გილგალი” და ასე ეწოდება დღემდე. 10 და დაიბანაკეს ისრაელის ძეთ გილგალში, და შეასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს, საღამოს, იერიხოს ველებზე. 11 და ჭამეს პასექის მეორე დღეს ამ ქვეყნის ნაყოფთაგან ხმიადი და ქუმელი იმავე დღეს. 12 და შეწყდა მანანა მეორე დღეს, რაც ჭამეს მიწის ნაყოფი, და აღარ იყო ისრაელის ძეთათვის მანანა, და ჭამდნენ ქანაანის მიწის მოსავალს იმ წელს. 13 და ერთხელ, როცა იესო იერიხოსთან იყო, აახილა თვალი და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული მახვილით ხელში. და წავიდა იესო მისკენ, და ჰკითხა მას: „ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა?” 14 და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი მე.” და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?” 15 და უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: „გაიძრე ფეხზე შენი ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმიდაა.” და ასეც მოიქცა იესო.

თავი მეოთხე                                                                                                                                               თავი მეექვსე

COMMENTS