იესო ნავეს ძე
241 და შეჰყარა იესომ ისრაელის ყველა ტომი შექემში, და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, და მის ერისთავებს, და მის მსაჯულებსა და მის ზედამდგომებს, და ისინი წარდგნენ ღვთის წინაშე. 2 და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘დასაბამიდან მდინარის გაღმა ცხოვრობდნენ თქვენი მამანი: თერახი, მამა აბრაამისა და მამა ნახორისა, და ემსახურებოდა სხვა ღმერთებს. 3 და წამოვიყვანე მამათქვენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, და გავამრავლე მისი თესლი, და მივეცი მას ისაკი. 4 და ისაკს მივეცი იაკობი და ესავი. და მივეცი ესავს მთა სეყირისა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი და მისი ძეები ეგვიპტეში ჩავიდნენ. 5 და გავგზავნე მოსე და აარონი, და ვგვემე ეგვიპტე იმით, რაც მოვიმოქმედე მის შუაგულში, და მერე გამოგიყვანეთ თქვენ. 6 და გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან, და მოადექით ზღვას, და გამოედევნენ ეგვიპტელნი უკან თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით მეწამულ ზღვამდე. 7 და შეჰღაღადეს უფალს, და მანაც მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, და მოაქცია მათზე ზღვა, რომელმაც დაფარა ისინი. და იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც მოვიმოქმედე მე ეგვიპტეში. და უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი დღე. 8 და მოგიყვანეთ თქვენ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. ბრძოლა გაგიმართეს, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. და დაიმკვიდრეთ თქვენ მათი ქვეყანა, და მე მოვსპე ისინი თქვენი პირისაგან. 9 და ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და შეებრძოლა ისრაელს, და მიავლინა და მოუხმო ბალაამ ბეყორის ძეს თქვენს დასაწყევლად. 10 და არ ვინებე ბალაამის მოსმენა. და მან კურთხევით გაკურთხათ, და გიხსენით თქვენ მისი ხელისაგან. 11 და გადალახეთ იორდანე და მიხვედით იერიხოს. და ბრძოლა გაგიმართეს თქვენ იერიხოს პატრონებმა: ამორევლებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, და ხელში ჩაგიგდე ისინი. 12 და კრაზანები გამოვუშვი თქვენს წინ, და მათ განდევნეს თქვენი პირისაგან ორი ამორეველი მეფე – არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით. 13 და მოგეცით თქვენ ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც თქვენ არ გიშენებიათ, და თქვენ ცხოვრობთ მათში. და საზრდოობთ ვენახებიდან და ზეთისხილის ბაღებიდან, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.’ 14 ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; და განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს. 15 და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფალს ვემსახურებით.” 16 და მიუგო ხალხმა, და თქვა: „ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! 17 რადგან უფალი, ჩვენი ღმერთია, მან გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, და ჩვენს თვალწინ მოიმოქმედა დიდი სასწაულები, და გვიცავდა მთელ გზაზე, რომელზეც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც ჩვენ გავიარეთ. 18 და განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი.” 19 და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს. 20 თუ მიატოვებთ უფალს და ემსახურებით უცხო ღმერთებს, კვლავ ბოროტებას დაგათევთ და მოგსპობთ თქვენ მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ.” 21 და უთხრა ხალხმა იესოს: „არა, რადგან უფალს უნდა ვემსახუროთ!” 22 და უთხრა იესომ ხალხს: „მოწმენი ხართ თქვენი თავისა, რომ თქვენ თვითონ ირჩევთ უფალს, რათა ემსახუროთ მას?” და თქვეს: „მოწმენი ვართ!” 23 „ახლა განიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენს შორის რომ არიან, და მიაბრუნეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთის, მიმართ.” 24 და უთხრა ხალხმა იესოს: „უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.” 25 და იმ დღეს დადო იესომ აღთქმა, და წესი და სამართალი მისცა მათ შექემში. 26 და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა. 27 და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა უფლის ყველა სიტყვა, რომელიც მან გვითხრა ჩვენ; და იყოს ის თქვენს მოწმედ, რომ არ იცრუოთ თქვენი ღმერთის წინაშე.” 28 და გაისტუმრა იესომ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში. 29 და ამ ამის შემდეგ მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა. 30 და დამარხეს იგი მის სამკვიდრო მიწაზე, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. 31 და ემსახურებოდა ისრაელი უფალს იესოს მთელს დღეებში და უხუცესთა მთელს დღეებში, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერეც და რომელთაც იხილეს უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა. 32 და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ. 33 და მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე, და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც მიეცა მას ეფრემის მთაში.
COMMENTS