HomeUncategorized

მეორე რჯული 34

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
341 და ავიდა მოსე მოაბის ველებიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა. და უჩვენა მას უფალმა მთელი გილყადის ქვეყანა დანამდე, 2 და მთელი ნაფთალი, და ქვეყანა ეფრემისა და მენაშესი, და მთელი ქვეყანა იუდასი, ზღვამდე, 3 და ნეგები, და იერიხოს მხარის ტაფობი, პალმების ქალაქისა, ცოყარამდე. 4 და უთხრა უფალმა მას: „ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე მე აბრაამს, ისაკსა და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას’. საკუთარი თვალით გახილვინე, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.” 5 და მოკვდა იქ მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ. 6 და დამარხეს იგი ველზე, მოაბის ქვეყანაში, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი. 7 და იყო მოსე ასოცი წლისა, როცა მოკვდა. თვალთ არ დაკლებია და ძალა არ გამოლევია. 8 და იტირეს ისრაელიის ძეთ მოსე მოაბის ველებზე ოცდაათ დღეს. და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. 9 და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან დაასხა მოსემ ხელები მას. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელის ძენი და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 10 და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, 11 ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც მოავლინა უფალმა მოსე ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის, ყველა მისი მსახურისა და მთელი მისი ქვეყნის წინააღმდეგ, 12 ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.

COMMENTS