HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 23

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

231 და მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა მოასვენა ისრაელი ყველა მისი მტრისაგან ყოველი მხრიდან, დაბერდა იესო და ხანში შევიდა, 2 მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის ერისთავებს და მის მსაჯულებს, მის ზედამდგომებს და უთხრა მათ: „მე დავბერდი, ხანში შევედი. 3 და თქვენ იხილეთ ყველაფერი, რაც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მთელ ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თავად იბრძოდა თქვენთვის. 4 შეხედეთ, წილისყრით გარგუნეთ თქვენ ეს დარჩენილი ხალხი თქვენი ტომების სამკვიდრებლად იორდანედან მოყოლებული და ყველა ხალხი, რომელიც მოვსპე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე. 5 და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის მათ თქვენი პირისაგან და მოსპობს მათ თქვენს წინაშე, და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს. 6 და ძალზე განმტკიცდით, რათა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი. არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, 7 რათა არ შეერიოთ იმ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ. და მათი ღმერთების სახელს ნუ ახსენებთ, და ნურც დაიფიცავთ მათ, და ნურც ემსახურებით მათ, და ნურც თაყვანს სცემთ მათ. 8 არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ დღემდე იქცეოდით. 9 უფალმა აჰყარა თქვენი პირისაგან დიდი და ძლიერი ხალხები; და ამ დღემდე წინ ვერავინ აღგიდგათ. 10 ერთი თქვენიანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის, როგორც თქვენთვისა აქვს ნათქვამი. 11 ამიტომ ყოველმხრივ ეცადეთ, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი. 12 რადგან თუ თქვენ მიიქცევით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენთან რომ დარჩნენ, და დაუმოყვრდებით მათ, და მიხვალთ თქვენ მათთან და ისინი კი თქვენთან, 13 ცოდნით იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, აღარ აჰყრის ამ ხალხებს თქვენი პირისაგან, და იქნებიან თქვენთვის ბადედ და მახედ, შოლტად თქვენი ფერდებისათვის და ეკლად თქვენი თვალებისათვის, ვიდრე არ გადაშენდებით ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. 14 და აჰა, მე მივდივარ დღეს მთელი ქვეყნის გზით, და შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა. 15 და როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც თქვენთვის ჰქონდა ნათქვამი უფალს, თქვენს ღმერთს, ასევე მოგივლენთ უფალი ყველა ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ მოგსპობთ ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა თქვენმა ღმერთმა, 16 როგორც კი გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმას, თქვენ რომ გიბრძანათ, და წახვალთ და ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება რისხვა უფლისა თქვენზე და უმალ გადაშენდებით ამ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.”

თავი ოცდამეორე                                                                                                                            თავი ოცდამეოთხე

COMMENTS