HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 10

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

101 და როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ქალაქი ჰაღაი და დაარისხა იგი და ასევე მოექცა ჰაღაისა და მის მეფეს, და რომ დაეზავნენ გაბაონის მკვიდრები ისრაელს და დარჩნენ მათ შორის, 2 დიდად შეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი, ერთ-ერთი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა იგი ჰაღაის და ყველა მისი კაცი მამაცი იყო. 3 ამიტომ შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს – ხებრონის მეფეს, ფირამს – იარმუთის მეფეს, იაფიაყს – ლაქიშის მეფეს და დებირს – ყეგლონის მეფეს, და უთხრა: 4 „ამოდით ჩემთან და შემეწიეთ მე, და მოვსრათ გაბაონი, რადგან იგი დაეზავა იესოს და ისრაელის ძეთ.” 5 და შეიყარა და ავიდა ხუთი ამორეველი მეფე: იერუსალიმისა, ხებრონისა, იარმუთისა, ლაქიშისა და ყეგლონისა, ისინი და მთელი მათი ლაშქარი, და დაიბანაკეს გაბაონთან, და ბრძოლა გაუმართეს მას. 6 და შეუთვალეს გაბაონის კაცებმა იესოს გილგალის ბანაკში, და უთხრეს: „ნუ აიღებ ხელს შენს მსახურებზე. ჩქარა ამოდი ჩვენთან და გვიხსენი და შეგვეწიე, რადგან შეიყარა ჩვენს წინააღმდეგ ყველა ამორეველი მეფე, მთის მკვიდრნი.” 7 და გავიდა იესო გილგალიდან ყველა ბრძოლისუნარიანი ხალხითა და ყველა მამაცი მებრძოლით. 8 და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი, წინ ვერ დაგიდგება ვერცერთი მათგანი.” 9 და ანაზდეულად მიადგა მათ იესო, მთელ ღამეს გილგალიდან ნავალი. 10 და თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი დიდი შემუსვრით გაბაონში, დაედევნა ბეთ-ხორონის აღმართ გზაზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე. 11 და იყო, როცა ისინი ისრაელს გაურბოდნენ ბეთ-ხორონის ფერდობზე, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან ყაზეკამდე, და იხოცებოდნენ. და ვინც სეტყვის ქვებით დაიხოცნენ, უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც ისრაელის ძეთ გაწყვიტეს მახვილით. 12 მაშინ ელაპარაკა იესო უფალს იმ დღეს, როდესაც უფალმა ამორეველები ჩაუგდო ხელში ისრაელის ძეთ, და თქვა ისრაელის თვალწინ: „მზეო, შეჩერდი გაბაონზე და მთვარევ – აიალონის ველზე!” 13 და შეჩერდა მზე, და მთვარე დადგა, ვიდრე არ იძია ერმა შური თავის მტრებზე. და განა არ სწერია ეს სიმართლის წიგნში: „და მზე იდგა ცის შუაგულში მთელი დღე და ჩასვენებას არ ჩქარობდა”? 14 და არ ყოფილა ასეთი დღე არც უწინ და არც მის შემდგომ, რომ [ასე] შეესმინოს უფალს კაცის ხმა, რადგან უფალი იბრძოდა ისრაელისთვის. 15 და დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში. 16 და გაიქცა ის ხუთი მეფე და დაიმალა მაკედას მღვიმეში. 17 და ამბავი მიუტანეს იესოს: „ხუთი მეფე მაკედას მღვიმეში დამალული აღმოჩნდა”. 18 და თქვა იესომ: „მიაგორეთ დიდრონი ქვები მღვიმის პირს და მიუჩინეთ მას კაცები საყარაულოდ. 19 თქვენ ნუ შეჩერდებით, დაედევნეთ უკან თქვენს მტრებს და მოსწყვიტეთ კუდი, და ნუ დაანებებთ მათ თავიანთ ქალაქებში შესვლას, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა.” 20 და როცა მორჩნენ იესო და ისრაელის ძენი მათ მუსვრას ძალზე დიდი მუსვრით, ვიდრე არ განადგურდნენ, ხოლო გადარჩენილნი გაექცნენ მათ და მივიდნენ გამაგრებულ ქალაქებში, 21 დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში მშვიდობიანად. კაციშვილმა ვერ დაძრა ენა ისრაელის ძეთა წინააღმდეგ. 22 და თქვა იესომ: „გახსენით მღვიმის პირი და გამოიყვანეთ ჩემთან ის ხუთი მეფე მღვიმიდან.” 23 და გააკეთეს ასე, და გამოუყვანეს მას ის ხუთი მეფე მღვიმიდან – მეფე იერუსალიმისა, მეფე ხებრონისა, მეფე იარმუთისა, მეფე ლაქიშისა და მეფე ყეგლონისა. 24 და როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელს და უთხრა მხედართმთავრებს, რომელნიც იყვნენ მასთან: „ახლოს მოდექით, დაადგით თქვენი ფეხი ქედზე ამ მეფეებს.” და ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს მათ თავიანთი ფეხი. 25 და უთხრა იესომ მათ: „ნუ შეგეშინიდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და განმტკიცდით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი შეებრძოლებით.” 26 და შემდეგ განგმირა ისინი იესომ, და მოკლა ისინი და ჩამოკიდა ხუთ ხეზე. და ეკიდნენ ისინი ხეებზე საღამომდე. 27 და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან, და გადაყარეს ისინი მღვიმეში, რომელშიც იმალებოდნენ, და დიდრონი ქვები მიაყარეს მღვიმის პირს. და ასეა დღევანდლამდე. 28 და მაკედა აიღო იესომ იმავე დღეს, და მოსრა იგი და მისი მეფე მახვილის პირით, დაარისხა ისინი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მაკედას მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა. 29 და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად მაკედადან ლიბნასაკენ, და ბრძოლა გაუმართა ლიბნას. 30 და ხელში ჩაუგდო უფალმა ისიც და მისი მეფეც ისრაელს. და განგმირა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო; არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მის მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა. 31 და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლიბნადან ლაქიშისაკენ, და დაიბანაკეს მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართეს. 32 და ხელში ჩაუგდო უფალმა ლაქიში ისრაელს და აიღო იგი მეორე დღეს, და მოსრა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, ისევე, როგორც ლიბნაში. 33 და მაშინ გამოვიდა ჰორამი, მეფე გეზერისა ლაქიშის საშველად, და იესომ განგმირა იგი და მისი ხალხი ისე, რომ არავინ დაუტოვებია მათგან ცოცხალი. 34 და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, და დაიბანაკა მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართა. 35 და იმავე დღეს აიღო იგი, და მოსრა მახვილის პირით ყოველი სული, ვინც იქ იყო, და იმავე დღეს გაანადგურა ისე, როგორც ლაქიში. 36 და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ყეგლონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა. 37 და აიღეს იგი, და მოსრეს მახვილის პირით მისი მეფეც, და ყოველი მისი ქალაქი, და ყოველი სული, ვინც იქ იყო და არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი, როგორც ყეგლონში. და მოსპეს იგი და ყოველი სული, რაც იქ იყო. 38 და მობრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად დებირისაკენ, და ბრძოლა გაუმართა. 39 და მან აიღო იგი, და მისი მეფეც და მისი ყველა ქალაქი, და განგმირა ისინი მახვილის პირით, და მოსპეს ყოველი სული ვინც იქ იყო, არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი. როგორც მოექცნენ ხებრონს, ეგრე მოექცნენ დებირს და მის მეფეს, და ლიბნას და მის მეფეს. 40 და მოსრა იესომ მთელი მთიანეთი, სამხრეთი მხარე, ვაკობი, ფერდობები და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი და გაანადგურა ყოველი სული, როგორც უბრძანა ისრაელის უფალმა ღმერთმა. 41 და მოსრა ისინი იესომ კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ღაზამდე, და მთელი ქვეყანა გოშენისა ვიდრე გაბაონამდე. 42 და ყველა ეს მეფე და მათი ქვეყანა აიღო იესომ ერთ ჯერზე, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი, იბრძოდა ისრაელისათვის. 43 და დაბრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად ბანაკში, გილგალს.

თავი მეცხრე                                                                                                                                  თავი მეთერთმეტე

COMMENTS