HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 13

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

131 და დაბერდა იესო, ხანში შევიდა. და უთხრა მას უფალმა: „დაბერდი შენ და ხანში შეხვედი, და ქვეყანა კი ძალიან ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი. 2 აჰა, ქვეყანა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა მთელი მხარე და მთელი გეშური: 3 შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის. ხუთი ფილისტიმელი მთავარი: ღაზელი, აშდოდელი, აშკელონელი, გეთელი, ყეკრონელი. აგრეთვე ყავიმელი სამხრეთით. 4 ქანაანელთა მთელი ქვეყანა და ციდონელების მეყარა, აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე. 5 და გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირიდან, ხამათის მისასვლელამდე. 6 მთის ყველა მკვიდრი ლიბანონიდან მისრეფოთ-მაიმამდე, ყველა ციდონელს განვდევნი ისრაელის ძეთა წინაშე. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე სამკვიდროდ ისრაელს, როგორც მე გიბრძანე. 7 და ახლა განაწილე ქვეყანა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მენაშეს ნახევარ ტომს.” 8 მასთან ერთად რეუბენის ძეთ და გადის ძეთ მიიღეს თავიანთი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა. 9 ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას რომაა, და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია, და მთელი ვაკე მედებადან ვიდრე დიბონამდე, 10 და ყველა ქალაქი სიხონისა, ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე. 11 და გილყადი და მხარე გეშურელთა, და მაყაქათელთა, და მთელი მთა ხერმონისა და მთელი ბაშანი ვიდრე სალქამდე. 12 ბაშანში მთელი სამეფო ყოგისა, რომელიც მეფობდა ყაშთაროთში და ედრეყში. ის დარჩა მხოლოდ რეფაიმელთა ნატამალიდან, და მოსრა ისინი მოსემ და განდევნა. 13 და არ განუდევნიათ ისრაელის ძეთ გეშურელნი და მაყაქათელნი, და დამკვიდრებულია გეშური და მაყაქათი ისრაელის ძეთა შორის დღევანდლამდე. 14 და მხოლოდ ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო: უფლის, ისრაელის ღმერთის, საცეცხლო მსხვერპლები არის მისი სამკვიდრო, როგორც მან აღუთქვა მას. 15 და მისცა მოსემ რეუბენის ძეთა ტომს საგვარეულოების მიხედვით: 16 მათი მიწა-წყალი იყო ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას რომ არის, და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია და მთელი ვაკე მედებაზე. 17 ხეშბონი და ყველა მისი ქალაქი, რომელიც ტაფობზეა: დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი, 18 იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი, 19 კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-შახარი ყემეკის მთაზე, 20 და ბეთ-ფეღორი, და ფისგას ფერდობები და ბეთ-იეშიმოთი, 21 და ვაკის ყველა ქალაქი და მთელი სამეფო სიხონისა, ამორეველი მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, რომელიც მოსრა მოსემ, ის და მიდიანელი მთავრები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, სიხონის მეფის მთავრები, მკვიდრნი ამ ქვეყნისა. 22 და ბალაამი, ძე ბეყორისა, მისანი, მოკლეს ისრაელის ძეთ მახვილით მათგან სხვა მოკლულთა რიცხვში. 23 და რეუბენის ძეთა საზღვრად იყო იორდანე. რეუბენის ძეთა სამკვიდრო იყო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები. 24 და მისცა მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, გადის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით. 25 და იყო მათი სამკვიდრო იაყზერი, და გილყადის ყველა ქალაქი, და ყამონელთა ნახევარი ქვეყანა ვიდრე ყაროყერამდე, რაბას წინ რომ არის. 26 და ხეშბონიდან ვიდრე რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, და მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე, 27 და ველზე: ბეთ-არამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. იორდანე ესაზღვრებოდა მას ქინეროთის ზღვის კიდემდე, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით. 28 ეს იყო სამკვიდრო გადის ძეთა მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები. 29 და მისცა მოსემ მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრო, და ეს იყო მენაშეს ძეთა ნახევარი ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით. 30 და იყო საზღვარი მათი: მახანაიმიდან მთელი ბაშანი, მთელი სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, და ყველა სოფელი იაირისა, რომელიც ბაშანშია – სამოცი ქალაქი. 31 და ნახევარი გილყადი, და ყაშთაროთი, და ედრეყი, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში ერგოთ მენაშეს ძის, მაქირის, შთამომავლებს, მაქირის ძეთა ნახევარს, მათი საგვარეულოების მიხედვით. 32 ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ველებზე იორდანეს გაღმა, იერიხოს აღმოსავლეთით. 33 ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრო: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მათ.

თავი მეთორმეტე                                                                                                                             თავი მეთოთხმეტე

COMMENTS