იესო ნავეს ძე
161 წილად ხვდათ იოსების ძეთ: იორდანედან იერიხოს მახლობლად, იერიხოს წყლებთან, აღმოსავლეთით, უდაბნო, რომელიც გადადის იერიხოდან ბეთელის მთისკენ. 2 და ბეთელიდან გადიოდა ლუზისკენ და გადადიოდა არქის საზღვრისაკენ ყატაროთამდე. 3 და ეშვებოდა ზღვისაკენ, იაფლეტის მიჯნამდე, ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე და გეზერამდე, და წყდებოდა ზღვასთან. 4 და ეს დაიმკვიდრეს იოსების ძეთ: მენაშემ და ეფრემმა. 5 და ჰქონდათ მიწა-წყალი ეფრემის ძეთ თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: აღმოსავლეთით – ყატაროთ-ადარიდან ვიდრე ზემო ბეთ-ხორონამდე, 6 და გადიოდა საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთიდან და უხვევდა საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით, და გადიოდა მის აღმოსავლეთით იანოახამდე, 7 და ეშვებოდა იანოახადან ყატაროთისა და ნაყარათისაკენ, სწვდებოდა იერიხოს და გადიოდა იორდანესაკენ. 8 თაფუახიდან მიიწევდა საზღვარი ზღვისკენ, ნახალ-კანასაკენ, და გადიოდა ზღვისაკენ. ეს იყო სამკვიდრო ეფრემის ძეთა ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით. 9 ეფრემის ძეთათვის გამოყოფილი იყო ქალაქები მენაშეანთა შუა სამკვიდროში, ყველა ქალაქი თავისი სოფლებით, 10 და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი. და ცხოვრობენ ქანაანელნი ეფრემის შორის დღევანდლამდე და ხარკს იხდიან, და არიან მოხარკედ.