HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 18

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე
181 და შეიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში, და დაავანეს იქ საკრებულო კარავი, რადგან ქვეყანა დამორჩილებული იყო მათ წინაშე. 2 და დარჩა ისრაელის ძეთაგან შვიდი ტომი, რომელთაც არ ჰქონდათ დანაწილებული თავიანთი სამკვიდრო. 3 და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „რაღას აყოვნებთ, რატომ არ მოდიხართ ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად, უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, რომ მოგცათ? 4 მომეცით სამ-სამი კაცი ტომიდან და მე გავგზავნი მათ. და ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, და აღწერონ იგი მათი სამკვიდროს მიხედვით, და მოვიდნენ ჩემთან. 5 და დაანაწილონ იგი შვიდ ნაწილად. იუდა დადგეს თავის საზღვარზე სამხრეთით; და იოსების სახლი თავის საზღვარზე დადგეს ჩრდილოეთით. 6 და აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად, და აღწერილი მომიტანეთ აქ. და მე გიყრით წილს აქ უფლის, ჩვენი ღვთის, წინაშე. 7 რადგან ლევის ძეთ არ აქვთ წილი თქვენს შორის, რადგან უფალია მისი სამკვიდრო. და გადმა და რეუბენმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა მიიღეს თავიანთი სამკვიდრო იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, რომელიც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა.” 8 და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.” 9 და წავიდნენ კაცები, და მოიარეს ქვეყანა, და ჩაწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან. 10 და იესომ შილოში უყარა წილი უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელის ძეთ მათი ნაკვეთების მიხედვით. 11 და ეყარა წილი ბენიამინის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი წილისყრის მიწა-წყალი მოქცეული იყო იუდას ძეთა და იოსების ძეთა შორის. 12 და მათი ჩრდილოეთის საზღვარი იწყებოდა იორდანედან, და მიიწევდა საზღვარი იერიხოს ჩრდილოეთით, მიუყვებოდა მთას დასავლეთისკენ, და თავდებოდა ბეთ-ავენის უდაბნოში. 13 და გადიოდა იქიდან საზღვარი ლუზისკენ, ლუზის, ანუ ბეთელის მხარეს, სამხრეთით და ეშვებოდა საზღვარი ყატაროთ-ადარისაკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით იყო. 14 და მიიწევდა საზღვარი და უხვევდა დასავლეთით, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინ იყო, და თავდებოდა კირიათ-ბაყალთან, ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან. ეს იყო დასავლეთის მხარე. 15 და სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმის კიდედან გადიოდა საზღვარი ზღვისკენ და აღწევდა ნეფთოახის წყლების წყარომდე. 16 და იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის კიდისაკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის წინაშე იყო, რეფაიმის ველზე ჩრდილოეთით, და ეშვებოდა ჰინომის ველზე, იებუსელთა სამხრეთით, და ჩადიოდა ყენ-როგელში. 17 და უხვევდა ჩრდილოეთიდან, და გადიოდა ყენ-შემეშისაკენ, და მიემართებოდა გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირისპირ იყო, და ეშვებოდა ბოჰანის ქვასთან, რეუბენის ძისა. 18 და უვლიდა ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას და ეშვებოდა ყარაბასაკენ. 19 და შემდეგ გაივლიდა საზღვარი ბეთ-ხოგლას მხარეზე, ჩრდილოეთით, და თავდებოდა მისი საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ კიდესთან. ეს იყო სამხრეთის საზღვარი. 20 იორდანე ესაზღვრებოდა მას აღმოსავლეთიდან. ეს იყო ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მისი საზღვრებით, მათი საგვარეულოების მიხედვით. 21 და ეს იყო ქალაქები ბენიამინის ძეთა ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით: იერიხო, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კეციცი, 22 ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი, 23 ყავიმი, ფარა, ყოფრა, 24 ქეფარ-ყამონაი, ყოფნი, გებაყი – თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. 25 გაბაონი, რამა, ბეეროთი, 26 მიცფე, ქეფირა, მოცა, 27 რეკემი, ირფეელი, თარეალა, 28 ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი – სულ თოთხმეტი ქალაქი თავიანთი სოფლებითურთ. ეს იყო სამკვიდრო ბენიამინის ძეთა, მათი საგვარეულოების მიხედვით.

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                               თავი მეცხრამეტე

COMMENTS