HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 11

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

111 და როცა გაიგო ეს იაბინმა, ხაცორის მეფემ, მაშინვე შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, და შიმრონისა და აქშაფის მეფეებს, 2 და აგრეთვე მეფეებს, რომელნიც მკვიდრობდნენ ჩრდილოეთში, მთაში და ბარში, ქინერეთის სამხრეთით, და ყარაბაში, და დორის ბორცვებზე, დასავლეთით. 3 ქანაანელებს, რომლებიც მკვიდრობდნენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს და იებუსელებს – მთაში, ხიველებს ხერმონის ძირას, მიცფას ქვეყანაში. 4 და გამოვიდნენ ისინი და მთელი ბანაკი მათთან ერთად, მრავალრიცხოვანი ხალხი, იმ ქვიშასავით უთვალავი, ზღვის ნაპირზე რომაა; ძალზე მრავალი იყო ცხენი და ეტლი. 5 და შეიყარა ყველა ეს მეფე, და მოვიდნენ, და დაიბანაკეს ერთად მერომის წყლებთან, რათა ისრაელს შებრძოლებოდნენ. 6 და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ, ამ დროისთვის, ყველა მათგანს შევმუსრავ ისრაელის წინაშე; მყესები გადაუჭერით მათ ბედაურებს და მათი ეტლები დაწვით ცეცხლში.” 7 და მივიდა ანაზდეულად იესო, და მთელი მებრძოლი ხალხი მასთან ერთად მერომის წყლებთან, და თავს დაესხნენ მათ. 8 და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს, და მოსრეს ისინი, და სდიეს მათ დიდ ციდონამდე, და მისრეფოთ-მაიმამდე, და მიცფას ველამდე აღმოსავლეთით, და მოსრეს ისინი, და არავინ დაუტოვებიათ მათგან ცოცხალი. 9 და ისე მოექცა მათ იესო, როგორც უთხრა მას უფალმა: მათ ცხენებს მყესები გადაუჭრა და მათი ეტლები დაწვა ცეცხლში. 10 და დაბრუნდა იესო იმავ დროს და დაიპყრო ხაცორი, და მოკლა მისი მეფე მახვილით. 11 და მახვილის პირით მოსრეს ყოველი სული, ვინც კი იქ იყო, და გაანადგურეს. არავინ დარჩენილა ცოცხალი და ხაცორი დაწვეს ცეცხლით. 12 და ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ, და გაანადგურა ისინი მახვილის პირით, და დაარისხა, როგორც უბრძანა მას მოსემ, უფლის მსახურმა. 13 ისრაელს არ დაუწვავს არცერთი ბორცვებზე გაშენებული ქალაქი, გარდა ხაცორისა, მხოლოდ ის დაწვა იესომ. 14 და მთელი ნადავლი ამ ქალაქებისა და პირუტყვი დაიტაცეს თავიანთთვის ისრაელის ძეთ. ხოლო ყველა ადამიანი მოსრეს მახვილის პირით მათ, ვიდრე არ გაანადგურეს, ერთიც არ დაუტოვებიათ ცოცხალი. 15 როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, თავის მსახურს, ასევე უანდერძა მოსემ იესოს, და ასევე შეასრულა იესომ, ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც უბრძანა უფალმა მოსეს. 16 და აიღო იესომ მთელი ეს მთიანი ქვეყანა და მთელი სამხრეთის ქვეყანა, და მთელი გოშენის ქვეყანა, ვაკობები და ყარაბა, ისრაელის მთა და ბარი. 17 ხალაკის მთიდან მოკიდებული სეყირისაკენ, ვიდრე ბაყალ-გადამდე, ლიბანის ველზე, ხერმონის მთის ძირას, და ყველა მათი მეფე შეიპყრო, და მოსრა ისინი, და დახოცა. 18 მრავალი დღე ეწეოდა იესო ომს ყველა ამ მეფესთან. 19 და არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელის ძეთ, ხიველების, გაბაონის მკვიდრთა გარდა: ყველა ბრძოლით აიღეს. 20 რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს, და ბრძოლით ხვდებოდნენ ისრაელს, იმისათვის, რომ მისცემოდნენ დარისხებას, და არ ჰქონოდათ შეწყალება, არამედ ისე მომსპარიყვნენ, როგორც უბრძანა მას მოსემ. 21 და მოვიდა იესო იმ დროს და ამოწყვიტა ყენაკელნი მთიდან, ხებრონიდან, დებირიდან, ყანაბიდან და იუდასა და ისრაელის მთელი მთიდან. მათი ქალაქებიანად დაარისხა ისინი იესომ. 22 არავინ დარჩენილა ყენაკელთაგან ისრაელის ძეთა ქვეყანაში. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ ისინი. 23 და დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც უთხრა უფალმა მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, მათი ტომების მიხედვით. და ქვეყანამ მოისვენა ომისაგან.

თავი მეათე                                                                                                                                           თავი მეთორმეტე

COMMENTS