ღმერთის დამოკიდებულება შევიწროების მიმართ ბიბლიური ციტატები

ზაქარია 7:10
ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.

იგავნი 22:22-23
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან, რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.

იერემია 7:5-7
რადგან თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქციელს, თუ სიმართლით განიკითხავთ მოდავეებს, არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ, მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ.

ესაია 33:14-15
შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, კანკალმა აიტანა მლიქვნელნი; „ჩვენგან რომელი დამკვიდრდება მჭამელ ცეცხლთან და ჩვენგან ვინ იცხოვრებს საუკუნო კოცონთან?” ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე.

ფსალმუნები 71:4
სამართალს გაუჩენს ჩაგრულ ხალხს, იხსნის ღარიბთა შვილებს და შემუსრავს მჩაგვრელთ.

ესაია 10:1-3
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები. რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?

იგავნი 17:5
ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.

ესაია 30:12-13
ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: „რადგან უარყავით ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედად ხართ და ამას ეყრდნობით, ამიტომ ეს დანაშაული თქვენთვის დამანგრეველი ბზარივით იქნება, მაღალ კედელზე გაჩენილი ნაპრალივით, რომლის ჩამოქცევაც უცაბედად, ერთ წამში მოხდება.

ეზეკიელი 22:7
მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.

ამოსი 2:6
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო – ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე – ღარიბს.

ამოსი 5:11
რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.

მიქა 2:1-3
ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა. მოუნდებათ მიწა – ართმევენ, მოუნდებათ სახლები – იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე. ამიტომ ასე ამბობს უფალი: „აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.

ნაუმი 3:1
ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.

ლუკას 11:42
მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!

ფსალმუნები 102:6
სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისთვის.

მეორე რჯული 10:18
სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.

1 მეფეთა 2:8
მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.

ფსალმუნები 145:7-9
აღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი წამოაყენებს წელში მოხრილებს, მართალნი უყვარს უფალს. უფალი იცავს ხიზნებს, ობოლსა და ქვრივს მხარში უდგას, ბოროტთა გზას კი ამრუდებს.

ფსალმუნები 9:9
უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.

ფსალმუნები 9:17-18
შავეთს დაუბრუნდებიან ბოროტეულნი, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი. ვინაიდან სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც ტანჯულთა იმედი დაიღუპება სამარადისოდ.

ფსალმუნები 11:5
ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.

ფსალმუნები 67:5
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,

იერემია 50:33-34
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება. მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.

იობი 5:15
იხსნის გლახაკს მათი პირის მახვილისგან და ძლიერის ხელისგან.

გამოსვლა 3:7-9
უთხრა უფალმა: „ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი. და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში. აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.

მეორე რჯული 6:21
უპასუხე: „მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში და უფალმა ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან.

ფსალმუნები 34:10
იტყვის ყოველი ძვალი ჩემი:„უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი სუსტს მძლავრისგან, ღარიბს და ღატაკს – მისი მძარცველისგან”.

ფსალმუნები 106:13
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.

იგავნი 20:22
ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.

ლევიანნი 19:10
ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

მათეს 6:3
შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.