ძველი აღთქმა
1 მეფეთა
21 ილოცა ხანამ და თქვა: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა. გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით. 2 არავინ არის უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის ღმერთივით მფარველი. 3 აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია. 4 ძლიერთა მშვილდი მოზიდულია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ. 5 მაძღარნი პურისათვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ. საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი კი დაჭკნა. 6 უფალი კლავს და აცოცხლებს, შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს. 7 უფალი აღატაკებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს. 8 გლახაკს მტვრიდან წამოაყენებს, სანაგვიდან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას. ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა. 9 თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ იმარჯვებს კაცი. 10 უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან იგრგვინებს მათზე უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.” 11 წავიდა ელკანა რამას, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად. 12 უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები: უფალს არ ცნობდნენ 13 და არც მღვდლობის მოვალეობას ხალხის წინაშე: როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში, 14 ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში მიმსვლელს. 15 ქონის კმევამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: „მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.” 16 თუ ეტყოდა ვინმე: „ქონს აკმევენ და მერე წაიღე, რაც გენებოს”, მიუგებდა: „არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.” 17 ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი უფლის ძღვენს. 18 ყრმა სამუელი უფლის მსახური იყო, სელის ეფოდი ემოსა. 19 პატარა წამოსასხამს უმზადებდა ხოლმე დედა და ყოველ წელიწადს ამოჰქონდა, როცა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა. 20 აკურთხა ყელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას აღთქმულის ნაცვლად, რომელიც უფალს აღუთქვი.” და დაბრუნდნენ უკან. 21 მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა. 22 ძალზე მოხუცდა ყელი. ესმოდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმ ქალებთან, ვინც საკრებულო კარვის კართან სამსახურს ეწეოდა. 23 ეუბნებოდა მათ: „რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან ხმები მესმის თქვენი უკეთურების ამბავი. 24 ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს. 25 თუ კაცმა კაცს შესცოდა, მოსამართლეა ქომაგი. თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება?” არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ინება უფალმა მათი დაღუპვა. 26 ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და სიკეთე ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე. 27 მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: „ასე თქვა უფალმა: ‘გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას. 28 ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელის ძეთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი. 29 რატომ თელავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირავის საუკეთესო წილით?’ 30 ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, – ამბობს უფალი, – არამც და არამც! რადგან ჩემს მადიდებელს განვადიდებ, ჩემი მოძულენი კი დამცირდებიან. 31 აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი ძალა და მამაშენის სახლის ძალა ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში. 32 დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება. 33 ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში. 34 აჰა, ნიშანი, რომელიც აღსრულდება შენს ორ ვაჟზე – ხოფნიზე და ფინხასზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორივენი. 35 აღვადგენ ჩემთვის სარწმუნო მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა. ავუშენებ სარწმუნო სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს. 36 და მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისათვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმა პური ვჭამო.’”