ნაუმი 3

სექტემბერი 3, 2015
ძველი აღთქმა
ნაუმი
11 ვაი, სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას. 2 შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი. 3 მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა; უამრავ დახოცილ გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორთხილობენ მათ ცხედრებზე. 4 ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით – ტომებს. 5 „აჰა, მე შენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, –ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს – შენი უტიფრობა. 6 მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. 7 ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: ‘გაძარცვულია ნინევე,’ ვის დაენანება იგი? ვინ მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?” 8 რითი ჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი? 9 ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს. 10 ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თაავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს იყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილებს ადებდნენ. 11 დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფარს დაუსწყებ ძებნას. 12 შენი ციხე-კოშკები მწიფე ნაყოფიანი ლეღვის ხეა – თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს. 13 აჰა, შენი ერი საქალეა შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს. 14 მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა. 15 იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით. 16 მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია; კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება. 17 შენი მოხელეები ბოცომკალს ჰგვანან; შენი იასაულები ჭრიჭინების გუნდისა, ცივ ამინდში ღობის ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. 18 ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები. 19 არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?
თავი მეორე                                                                                                                                                  აბაკუმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close