გამოსვლა 21:12-14
თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს. ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს. თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად
მეორე რჯული 16:18-20
მსაჯულები და გამგებელნი დაუდგინეთ ყოველ ქალაქს, რომელსაც აძლევს უფალი, თქვენი ღმერთი თქვენს ტომებს, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი. არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს. სამართალს, სამართალს მისდიეთ, რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.
მეორე რჯული 15:12-18
თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე. როცა გაათავისუფლებ – ხელცარიელი არ გაუშვა: დაასაჩუქრე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან მიეცი. გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ დღეს ამ სიტყვას. და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა, მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი. ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან; და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერში, რასაც გააკეთებ.
გამოსვლა 22:21-22
მდგმურს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.
მეორე რჯული 24:19-22
ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა. როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს. როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს. გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში, ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას
ლევიანნი 1:10-13
თუ ფარიდან იქნება მისი სრულადდასაწველი შესაწირი, ცხვარი ან თხა, შესწიროს უნაკლო მამალი. დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. დაჭრას იგი ნაწილებად და დააწყონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები თავიანად და ქონიანად შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
ლევიანნი 4:13-21
თუ შეცდა უნებლიეთ ისრაელის მთელი კრებული და დაიფარება ეს საქმე კრებულისგან; თუ ისეთი რამ ჩაიდინეს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს და დადანაშაულდნენ, როდესაც გამომჟღავნდება ცოდვა, რომლითაც შესცოდეს, დაე შესწიროს კრებულმა მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ. თავზე დაადონ მოზვერს ხელი თემის უხუცესებმა უფლის წინაშე და დაიკლას მოზვერი უფლის წინაშე. და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში; ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე. რქებზე მოაპკუროს სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, მთელი მონარჩენი სისხლი კი დაღვაროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. ამოიღოს მთელი მისი ქონი და დააკმიოს სამსხვერპლოზე. ისე გაამზადოს ეს მოზვერი, როგორც ცოდვისთვის შესაწირი მოზვერი გაამზადა, გამოისყიდის მათ მღვდელი და ნაპატიები იქნებიან. გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი დაწვა: ეს კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლია.
ლევიანნი 7:11-18
ესაა რჯული სამშვიდობო შესაწირისა, რომელსაც უფალს სწირავენ: თუ სამადლობელს სწირავს, მაშინ სამადლობელის შეწირვისას შესწიროს ზეთში შეზელილი უფუარი პურები და ზეთწაცხებული უფუარი ნამცხვრები და ზეთში მოზელილი წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები. გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად. ერთი ნაწილი თითოეული შესაწირიდან უფლისადმი აღსამართი იყოს; იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლს აპკურებს. სამადლობელი და სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს მისგან. თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს შეიჭამოს, რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს. დარჩენილი მსხვერპლის ხორცი ცეცხლში დაიწვას მესამე დღეს. თუ მესამე დღესაც შეიჭმევა სამშვიდობო შესაწირის ხორცი, არ იქნება კეთილსასურველი, არ ჩაეთვლება მის შემწირველს; საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს, ცოდვას იტვირთავს.
გამოსვლა 21:2-6
თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს. თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო. ხოლო თუ ყმა იტყვის: „მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”, მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
გამოსვლა 21:3-11
თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს. თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო. ხოლო თუ ყმა იტყვის: „მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”, მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ. თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება. თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს. თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას. თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.11თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.
ლევიანნი 25:39-55
თუ გაღარიბდა შენი ძმა და მოგეყიდება, არ დაიმონო ის მონური შრომით. ქირისკაცივით, მწირივით უნდა იყოს შენთან; საზეიმო წლამდე იმუშაოს შენთან; მერე კი გავიდეს შენგან და მისი ბავშვები მასთან ერთად, თავის ოჯახს და თავისი მამების სამფლობელოს დაუბრუნდეს. რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან. არ გაბატონდე მასზე ძალმომრეობით, გეშინოდეს შენი ღმერთის. მონა და მხევალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებისგან იყიდეთ, რომლებიც თქვენს გარშემო ცხოვრობენ. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი. და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისთვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ: სამუდამოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებზე, ისრაელის ძეებზე, არ მბრძანებლობდეთ ძალმომრეობით. თუ მწირი ან ხიზანი შეძლებული გახდა, შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა მწირს, შენს ხიზანს ან მწირის ოჯახის შთამომავალს, მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა; ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას; ან ბიძა ან ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან რომელიმე მისი ნათესავი გამოისყიდის; ან თუ შეძლება ჰპოვა, თავის ხელით გამოისყიდება. უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა მას, საზეიმო წლამდე; წლების რიცხვზე განაწილდეს მისი ნასყიდობის ვერცხლი; როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ფული. თუ ცოტა წელია დარჩენილი საზეიმო წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს. როგორც დაქირავებული, ისე იქნება მასთან წლიდან წლამდე და არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ. და თუ არ იქნა გამოსყიდული ამ გზით, მაშინ საზეიმო წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად;55რადგან ჩემი მსახურები არიან ისრაელის ძენი; ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
მათეს 5:38
გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
ლუკას 19:8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.
გამოსვლა 21:22
თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
ლევიანნი 19:33
როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
მეორე რჯული 10:19
შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
ლევიანნი 19:15
უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
გამოსვლა 23:12
ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
გამოსვლა 12:17
დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
მეორე რჯული 16:16
წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი თქვენი მამაკაცი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს იგი, უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის დღესასწაულზე; ხელცარიელი არავინ მივიდეს უფლის წინაშე.
მეორე რჯული 13:6-8
თუ ჩურჩულით წაგაქეზებს შენი ძმა – დედაშენის შვილი, შენი ძე ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან შენი მეგობარი, საკუთარი სულივით რომ გიყვარს: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები, იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენ გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, დედამიწის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, არ დასთანხმდე და ნუ გაუგონებ; ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ და ნუ დაიფარავ;
მეორე რჯული 14:22
ყოველწლიურად მინდვრის ნათესის მთელი მოსავლის მეათედი გამოყავით,
1 პეტრეს 1:16
ინაიდან დაწერილია: „იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”.
ლევიანნი 1:3
თუ სრულადდასაწველია მისი მსხვერპლი, მაშინ შესწიროს უნაკლო მოზვერი მსხვილფეხა საქონლიდან; საკრებულო კარვის შესასვლელთან შესწიროს, რათა მიღებული იყოს იგი უფლის მიერ.
ლევიანნი 3:1-2
თუ სამშვიდობო შესაწირია მსხვერპლი და თუ მსხვილფეხას სწირავს, ხარს ან ფურს, უმანკო შესწიროს უფლის წინაშე. თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
ლევიანნი 13:2
„თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
ლევიანნი 15:13
როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
ლევიანნი 18:6
არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.
ლევიანნი 32:26-32
უთხრა უფალმა მოსეს: „გამოსყიდვის დღეა მეშვიდე თვის მეათე დღე, წმიდა შეკრება გქონდეთ; დაიმდაბლეთ თავი და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი. არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს, რადგან გამოსყიდვის დღეა, თქვენი გამოსყიდვისა უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. ყოველ სულს, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოვკვეთ თავისი ხალხისგან. და ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოვსპობ თავისი ხალხისგან. არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში. დასვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღის საღამოს: საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი”.